უხერხული პაუზა

რჩეული

large-3

ჩემს ძაღლს ეზოში ძინავს, მე აივნიდან ვუყურებ, თუმცაღა რომელი უფრო დიდ სიზმარშია – ძნელი გასარჩევია.
ღამე – საღამოს კოჭებში ეტყობა,
ისევე როგორც შემოდგომა – ხეებს,
ისევე როგორც მოუთმენლობა – გულს.
ვერ ვიტყვი, რომ გრილა.
ვერ ვიტყვი, რომ თბილა.
უბრალოდ ქარია, ოღონდ მსუბუქი, სუსტი, მაგრამ მაინც შესამჩნევი. ის, თავისი ამ ხასიათით საოცრად ჰგავს ჩემს ნერვებს.
ეზოში გაბმული დენის მავთულები რაღაცნაირად დაღონებული მეჩვენებიან.
აუჰ, რა სისულელეა..!
არა და, ვინ იცის, იქნებ, მათ საერთოდაც მერცხლები მოისაკლისეს… იქნებ, მათაც სტკივათ, როცა ტოვებენ, მათაც ენატრებათ, ისინიც განიცდიან სიმარტოვეს…
არა, მაინც გრანდიოზული სისულელეა..! ისინი გაკიდულები არიან და წესით, უნდა ეკიდოთ მსგავსი რამე-რუმეები.


სახლიდან ტელეფონის ხმა ისმის, მიკვირს როგორ გამოვიდნენ ახლა ჩემთან კავშირზე. მე ხომ ჭეშმარიტად გამორთული ვარ, ან გასული ვარ მომსახურების რაღაც ზონიდან… ტელეფონი კი ჯიუტად რეკავს…
– ოხ, ეგ ძაღლიშვილი!
ისევ გამაცურა, გამიჩალიჩა…
– ჰოდა, რეკოს! რეკოს მანამ, სანამ ისიც სიზმრების უზარმაზარ ხახაში არ აღმოჩნდება, საიდანაც უხმო კომედიები იწყება, თან დღეს, სეზონის გახსნაა…


მე არ ვარ მძიმე…
მე არ ვარ წერტილი…
მე არ ვარ კითხვის ნიშანი…
მე ვარ პაუზა, საკმაოდ უხერხული პაუზა, რომელიც ფარდას ხდის, აშიშვლებს, დასცინის, ანუგეშებს და ხელთავიდან ნიღბავს – ერთდროულად.
მე ვარ ერთი დიდი ჩაკეტილი წრე, რომელიც იწყება იქიდან, საიდანაც მთავრდება და პირიქით…
მე ვარ ხიდი, რომელიც ან უნდა გადაირაო, ან უნდა გადახტე, თუმცა ჩემიდან გადახტომა ხიდიდან გადახტომას სულაც არ ჰგავს, ეს უკანასკნელი გაცილებით მარტივია.
ზოგჯერ, როცა მეუბნებიან, რომ ჩემი ესმით, არ მესმის, როგორ შეიძლება ჩემი ესმოდეთ… და თუ მართლა ესმით ჩემი, არ მესმის, როგორ არ შემრცხვეს ისე, რომ მათთვის იმ უხერხულ პაუზად არ ვიქცე,
რომელიც ფარდას ხდის,
აშიშვლებს,
დასცინის,
ანუგეშებს
და
ხელთავიდან ნიღბავს
– ერთდროულად…


ამასობაში ძაღლს გამოღვიძებია. ვცდილობ მისი სიზმარნარევი მზერა დავიჭირო, მაგრამ ის გამიზნულად თავს მარიდებ. ალბათ იმიტომაც, რომ იცის,
აქ, ყველზე დიდ სიზმარში მე ვარ,
აქ, ყველაზე შთამბეჭდავ სიზმრებს მე ვნახულობ.
მას კი ამის აღიარება არ სურს.
იქნებ იმიტომაც, რომ ვეცოდები,
ან ჩემი ასეთობის ეშინია,
ანდაც ორივე…



 

კიბოიანი კუბო

12045350_900185093402761_660588861410085190_o (1)                                                                                                                                                   

                                                                                                                                 
კარჩაკეტილში ზიხარ,
                                                                                                                                            რაღაცნაირად მშვიდი ღამეა,
                                                                                                                                                                    და რომ გგონია
                                                                                                                                                                სულის შებერვით
                                                                                                                                                                     შველი იარებს,
                                                                                                                                                       სადღაც შორს, – მიღმა
                                                                                                                                                კარი მაინც გაიჭრიალებს…

                   

ბავშობიდან ნერვებარამდგრადი ვარ.

კარის გაჯახუნება ყოველთვის ჩემი საყვარელი გასართობი იყო.

ეგ კი არა, ხანდახან ისიც მგონია, რომ კიბოიანი ვარ, – პროტესტიანი მეტასტაზების დისლოკაციის ადგილი. ისინი პარაზიტობენ ჩემში და ყველა იმ პარაზიტობებს სჩადიან, რაც წესით ყველა ჭეშმარიტმა პარაზიტული წარმომავლობის მქონემ უნდა ჩაიდინოს – თავისი პარაზიტობისთვის ბოძებულ სიცოცხლის განმავლობაში. მარტივად რომ ვთქვა, ვარ კიბოიანი კუბო! შიგ ჩასვენებული პროტესტის მეტასტაზების, ჯინსებივით გაცრეცილი ოცნებებისა და ოთხი-ხუთი გოდორი დარდების საერთო ცხედრით(ცოტა უცნაური მიცვალებული კი გამოგვივიდა, მაგრამ არც კუბოა სტანდარტული).

ამ განვლილი 19 წლიანი ცხოვრებ-არსებობას თუ ცალი თვალით მაინც(ორი თვალით, მით უმეტეს…) გადავხედავთ, ყველაზე !სიტყვით რომ ვერ იტყვი  იმნაირი! დრო მიდგას. ისე სასაცილოა, ჰო? დრო ფეხზე როგორ უნდა იდგეს? მაგას თავისი ტახტრევანიდან რომელი სულიერი წამოაგდებს. წამოგორებულა ზედ უთვალავი ხანია, გეგონებოდეს – თავი მამაზეციერი ჰგონიაო. მართლაც, რას გაუგებს კაცი დროის ხუსტურებს, როცა თავისი ვერ გაუგია.


 

 

Rainy-Day2

                                                                                                                                                  

უპასუხო შეკითხვებზე
                                                                                                                                                                    პასუხს ვეძებ,
                                                                                                                                                                   რათა შევძლო
                                                                                                                                               გავარჩიო ცუდ-კარგები,
                                                                                                                                                              ცდას არ ვაკლებ,
                                                                                                                                                                   მაგრამ ძებნის
                                                                                                                                                                 ყოველ ჯერზე
                                                                                                                                                  უშეკითხვო პასუხებში
                                                                                                                                                                        ვიკარგები…

 

ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არასდროს კმარათ ერთხელ ნათქვამი სიტყვა და რაც არ უნდა გასაგებად ეუბნებოდე ან პასუხობდე, მაინც ჯიუტად გეკითხებიან – როგორ, როგორო? და გთხოვენ პასუხის გამეორებას. “ორი როგორის” მდგომარეობა ანუ ცნობისმოყვარეობის შიმშილი, ალბათ ის კონდიცია, რომლის ანტიპოდობითაც ყველაზე უკეთ გამოვხატავდი ახლა ჩემს ფიქრებს(რახან სიტყვებით მეძნელება), ორჯერ კი არა, საერთოდ ერთხელ ნათქვამის გაგონებაც აღარ მინდა.

თუმცაღა არის რაღაცეები(იშვიათი გამონაკლისები), რასაც ამ პერიოდში ვუსმენ, და ვუსმენ არაგამიზნულად, უბრალოდ და უმიზეზოდ… ძირითადათ ძველ კომპოზიციებს. მაგალითად, წვიმის წვეთების მიერ სახლის სახურავზე შესრულებულ საფორტეპიანო სონატებს, ვარსკვლავებიანი ცის გამოსახულებიან ფირფიტაზე ჩაწერილ ღამისა და ძაღლის ორიგინალურ დუეტს – მსუბუქ საწკმუტუნო სტილში ან თუნდაც, საკუთარი ციფერბლატის მონოტონურ რითმებსა ყოლილი კედლის საათის ბოშურ ხმოვანებას…

მქონია ღამეები, როცა ერთადერთი კითხვის პასუხი ძებნაში დამთენებია თავზე: რა ჯანდაბა მჭირს? პასუხი მე ვერა, მაგრამ სხვამ(მისდა უნებურად) კი მითხრა, ყველაფერი ერთად და არაფერი ცალ-ცალკეო…

მოკლედ, ბევრი რომ არ გავახურო,

ახლა დაგვჭირდება – “ზალა”,

ჭირისუფალი,

მღვდელი,

მგალობლები ან  “მუზიკანტები”(გააჩნია ცხონებულს რომელი უფრო უყვარდა),

მეზობლის ქალი, რომელიც სხვათაშორის იტყვის, – გუშინ ვნახე იცინოდაო,

მეზობლის კაცი, რომელიც თავს გადააქნევ-გადმოაქნევს და დანანებით იტყვის, – ეს რა მუხასავით კაცი წაგვექცაო,

ბლომად ღვინო,

ლობიო,

თევზი და ეგ არის!

გამოვიტირ-გამოვიგლოვ-გამოვძღებ-გავასვენებთ ცხონებულს და ჰო მართლა, იმ ცნობილი, ანეკდოტადქცეული ამბისა არ იყოს, “რუჩკებსაც” მასე ადვილად არ ვენობით, ჩემო ბიძიკო…



 

მრგვალი საკნის ბინადარ(ნ)ი

7004588-swings-photo

ორნი მოვდიოდით გზაზე. ჩვენ შორის უხერხული სიჩუმე ჩამოწოლილიყო, როგორც ნისლი ჩამოწვება ხოლმე მთათა კალთებზე და ასე – უხმოდ ცდილობს იყოს მრავლისმთქმელი ამაყი მთებისთვის. თუმცა, ის კი არ იცის, რომ მრავლისმნახველ მთებს ვერც შენი დუმილით გააკვირვებ და ვერც მჭერმეტყველებით. მხოლოდ გზა არ დუმდა, რომელიც ყოველ ნაბიჯს რაღაც უცნაურ ხმოვანებას სძენდა და თითქოს, ამ ხერხით ცდილობდა მგზავრთან კავშირის დამყარებას. შეიძლება ხმა პროტესტიც იყო, დროთა განმვალობაში ნაგროვები. მართლაც, ძნელია ყველა შენზე დადიოდეს და შენ ამ დროს ჩუმად იყო. მოკლედ, გზას ჩანაფიქრს რას მიუხვდება კაცი. ათასი აზრი უტრიალებს თავში და უამრავ ბედ-უკუღმართობას უმზადებს ზედ მავალთ.

გავჩერდით, უფრო სწორად – გაჩერდი. მზერა ცარიელ, უმოძრაო საქანელებზე გაგეყინა. გული გიკვდებოდა, რომ ოდესღაც საჭირო და პატივსაცემი რკინის კონსტრუქციები, ახლა სრულიად ზედმეტ, უსარგებლო დამატებად ქცეულიყვნენ სამყაროში, რომელთაც მხოლოდ ჟანგის თხელი ფენა უმაგრებდა ზურგს და ალბათ, გულსაც.

იქვე ტროტუარზე ჩამოჯექი, დაღონებული. ნახევარი წუთიც ვერ გაუძელი და ატირდი. მხოლოდ ერთხელ შემომხედე და დანანებით მკითხე: “ხომ შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო”? სწორედ ამ თვისების გამო შემიყვარდი. გრძნობდი იმას, რაზეც მე ფიქრსაც ძლივს ვბედავდი და იმ მომენტში, მეც მომინდა ტროტუარზე შენს გვერდით ჩამოვმჯდარიყავი და მოგხვეოდი, მაგრამ მოკარებაც ვერ გავბედე, ადგილზე გავშეშდი. ვხვდებოდი, რომ შენ სხვანაირი იყავი, განსაკუთრებული, ყველაზე კარგი…

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა ვერ ვივიწყებ შენს აცრემლებულ თვალებს. იმ დღემდე ვერ წარმომედგინა, რომ ადამიანი შეიძლება ასე დადარდიანებულიყო მიტოვებული საქანელების გამო. მე ყოველდღე ვუმეორებ ჩემს თავს იგივე შეკითხვას, მართლაც, ხომ შეიძლება ყველაფარი სხვანაირად ყოფილიყო..?

მაშინაც და ახლა, ერთ რამე მინდოდა და მინდა გულით, რომ დედამიწაზე რაც შეიძლება ბევრი შენნაირი დააბიჯებდეს, რადგან გადათელილი, გამოფიტული პლანეტისთვის შენ ხარ შვება და მისი ტკივილის ჭეშმარიტი გამზიარებელი. თუმცა იმასაც ვხვდები, რომ შენთვის სასჯელია დედამიწა, შეკვეცილი ფრთებია, მრგვალი საკანია და აქ ბინადრობას დიდხანს ვეღარ გაუძლებ…



სიფხიზლის და დაბოლების ზღვარზე

Facebook-Covers-009


რაბინდრანათ თაგორი თავის წიგნში – “დღენი ჩემი სიჭაბუკისა”, სადაც თავისი ბავშვების მოგონებები აქვს აღწერილი, წერს: “ჩემი ილუზიების გასაქარწყლებლად ერთხელ აღმზრდელმა მხარზე  ხელი დამკრა და მითხრა: “შენ ახლა იმიტომ ტირი, რომ სკოლაში გაგიშვან. დადგება დრო და უფრო მეტს იტირებ, როდესაც იქ ამოყოფ თავს”. აღარ მახსოვს ამ მასწავლებლის გვარი, სახელი და არც სახე, არც ხასიათი, მაგრამ მისი მრავალმნიშვნელოვანი შეგონება და მუჯლუგუნი, არ აღმოფხვრილა ჩემი ხსოვნიდან. არც ერთი წინასწარმეტყველება ასე არ ამხდომია”. თაგორისა არ იყოს მთელი ჩემი ბავშობა უხვად იყო დატვირთული მსგავსი ჭეშმარიტი თუ ცრუ წინასწარმეტყველებებით, რომელზეც შემდგომში ბევრი მიცინია, ბევრ მათგანს კი ჩავუფიქრებივარ. სწორედ ასეთი წინასწარმეტყველებები, ბავშური თამაშობანი და რწმენა-წარმოდგენები განაპირობებს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში – ბავშობის, როგორც ყველაზე შთამბეჭდავი პერიოდის ასოციაციას.

ღრმა ბავშობაში, დაძინების ჟამს, ღამის პანიკური შიშიდან გამომდინარე, გულიანად გავეხვეოდი ხოლმე საბანში და ბალიშზე თავის დადების მაგივრად პირიქით, ბალიშს დავიდებდი თავზე. მიმაჩნდა, რომ საბანი და ბალიში, ეს “მაგიური” წყვილი, საუკეთესო დაცვის სისტემა გახლდათ მთელს მსოფლიოში და მის წინააღმდეგ “ბნელეთის ძალები” ვერას გააწყობდნენ. შეიძლება მაშინ ამ ყველაფერს ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ დღევანდელი გადასახედით, ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული “დაბოლება” და ისიც – საკუთარი თავის…

უნდა ვაღიარო, მას შემდეგაც სხვადასხვა სიტუაციებში არაერთგზის მოვქცეულვარ მსგავსად და საკუთარი თავი  ისე “დამიბოლებია”, რომ გარკვეული ხანი ილუზიების “საკნის” ოთხ კედელში გამოვკეტილვარ. ასეთი შემთხვევები ალბათ, ყველას ცხოვებაში ყოფილა და ბევრმა თქვენგანმა შესაძლოა უკვე იმუნიტეტის გამომუშავებაც მოასწრო მსგავსი სიტუაციების წინააღმდეგ. ამიტომ გულწრფელად მიკვირს, როდესაც სიფხიზლის და “დაბოლების” ზღვარზე ვდგავართ, რატომ ვირჩევთ უკანასკნელ მათგანს, მითუმეტეს მაშინ, როცა მთავარი “დამბოლებელი” ჩვენ კი არა, სხვაა..?! რატომ არ ავამუშავებთ ხოლმე ასეთ შემთხვევებში იმ ოხერ იმუნიტეტს, ან იმ გამოცდილებას, რაც საკუთარი თავის “დაბოლებით” მიგვიღია..?! ვუყურებთ და ვერ ვხედავთ, ვუსმენთ და არ გვესმის. არა და, მე ისეთებიც მინახავს, ვინც საერთოდ ვერ უყურებს და ხედავს, ვინც საერთოდ არ უსმენს და ისე გებულობს სათქმელს. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთად ყოფნაა ბედნიერება, როდესაც გესმის იმ ერთი ნაბიჯის ფასი, რაც სიფხიზლიდან “დაბოლებამდეა”…

სხვათაშორის, დღესაც ისე მძინავს(თავზე დაფარებული ბალიშით), როგორც ბავშობაში, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ღამის “ბნელი ძალების” უკვე აღარ მეშინია. მოკლედ, ეს უკვე ტიპური ბავშობის დამღაა, ან ჩვევაში გადაზრდილი აქტი. მოკლედ, როგორც გენებოთ…                                                                                                   მიუხედავად ყველაფრისა, მე დღემდე განვაგრძობ საკუთარი თავის “დაბოლებას” და ამ ფაქტს ორი მიზეზით ვხსნი. პირველი, ბავშობის მსგავსად – ის დაცულობის შეგრძნებაა, რომელსაც ეს პროცესი მანიჭებს და მეორე – იმუნიტეტის გამომუშავება სხვა, უცხომოტივებნაზიარები “დამბოლებლების” წინააღმდეგ. აქვე მახსენდება ირაკლიც ჩარკვიანის სიტყვები: “ჭეშმარიტი კაიფი სიფხიზლეშია” და მიმაჩნია, რომ სინათლის დასანახავად სულაც არ არის საჭირო საკუთარი თავის 180 გრადუსით შემოტრიალება, ის ჩვენს წინაშეა მთელი თავისი სიდიადით.


“ვისაც თვალი აქვს, იხილოს,                                                                                                 და ვინც იხილავს შეიცნოს”.  

შეგონებათა წიგნი     



                                        

შკალებზე დატანილი ტკივილი


posta2


“როცა სასწრაფო დახმარების განყოფილებაში შედიხარ, გთხოვენ, ერთიდან ათამდე შკალით საკუთარი ტკივილი შეაფასო. ამის მეშვეობით წყვეტენ, რა წამლები მოგცენ და რა სიჩქარით. წლების განმავლობაში ასჯერ მაინც დაუსვამთ ეს  შეკითხვა; მახსოვს ერთხელ, როცა ვეღარ ვსუნთქავდი და მეგონა, მკერდზე  ცეცხლი მეკიდა, ნეკნებს შორის კი ცეცხლის ალები გზას იკვალავდნენ ჩემი სხეულის გადასაბუგად, მშობლებმა სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მიმიყვანეს. ექთანმა ტკივილის შეფასება მთხოვა. ლაპარაკიც კი არ შემეძლო და ცხრა თითი ვაჩვენე. მოგვიანებით, როცა ტკივილგამაყუჩებელი მომცეს, ის ექთანი შემოვიდა, სისხლი უნდა აეღო, და სანამ ამისთვის მამზადებდა, მიმთხრა: იცი, როგორ მივხვდი, მებრძოლი რომ ხარ? – ათზე თქვი, ცხრა არისო.

არა, ეს არ იყო სრული სიმართლე. ცხრა დავასახელე, რადგან ათს სხვა დღისთვის ვინახავდი. და ახლა ის უზარმაზარი და საზარელი ათიანი მირტყამდა და მირტყამდა, მირტყამდა გამეტებით, მერე კი გაუნძრევლად ვიწექი საკუთარ საწოლში და ჭერს მივშტერებოდი. ტალღები კლდეს მახეთქებდნენ, მერე ისევ ზღვისკენ მიმათრევდნენ, რომ კიდევ ერთხელ კლდის წვეტიანი შვერილებისთვის მივენარცხებინე, ბოლოს კი მაინც წყალზე მოტივტივეს მტოვებდნენ, დაუხრჩობელს…” ეს არის ნაწყვეტი ჯონ გრინის რომანიდან “ბედის ვარსკვლავის ბრალია”. სწორედ ამ სიტყვებით გადმოცემს ჰეიზელი იმ ტკივილს, რასაც ავგუსტუსის გარდაცვალების დროს განიცდის.

საინტერესოა, ჩვენი ტკივილის შეფასების შკალოვან-თითოვანი სისტემა, ვის ან რას ვუნახავთ ამ ოხერ ათიანს და ჰეზელივით ჩვენც შეგვიძლია ათზე ვთქვათ, ცხრა არისო? აბა, რა გითხრათ… მგონია, რომ ადამიანი არასდროს არ არის მზად უბედურებისთვის და გამონათქვამი: “მე ყველაფრისთვის მზად ვარ!”, საჭირო მომენტში უბრალოდ ძალადაკარგულ სიტყვებადღა რჩებიან და მეტი არაფერი…

მომაკვდავი ადამიანისთვის ის კი არ არის ყველაზე მძიმე ასატანი, რომ ორგანიზმს ტკივილები სჭამს ცოცხლად და იცის – წვიმიანი მეტასტაზების “დამსახურებით” ამქვეყნად ბევრი მზიანი დღე აღარ დარჩენია, არამედ ის ჩუმი, მაგრამ ამავდროულად ყურისწამღები ჩურჩულების სცენა – ოთახის გამოტოვებთ, საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნაცნობების მონაწილეობით. უფრო აუტანელი კი ამ ჩურჩულების შინაარსია, საიდანაც იგებ, თუ რა ძლიერი ორგანიზმი გქონია, რომ ექიმები იმედსაც აღარ იძლევიან, რომ ბრძოლას ფაქტობრივად, აღარ აქვს აქვს აზრი, რადგან ომი წაგებულია და ამ ყველაფერს შენივე “კეთილდღეობისთვის” ურცხვად გიმალავენ… და კიდევ ბევრი ასეთი დიალოგები, მსგავსი შინაარსითა და ათასგვარი ინტერპრეტაციით…

ერთიცაა, სანამ არ გამოცდი, მანამ ვერ იგრძნობ განსხვავებას ცხრასა და ათს შორის. მანამდე ვერც იმას მიხვდები თუ რა სიცარიელის მატარებელი შეიძლება გახდეს ერთი ჩვეულებრივი, პატარა ოთახი შენსა და დანარჩენ სამყაროს შორის, ხოლო სიცარიელეში ვინმეს პოვნა ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც კაკუნი სიცარიელის ოთახის კარზე იმის იმედად, რომ ვინმე კარს გაგიღებს და შინ შეგიპატიჟებს.

მოკლედ, რაც არ უნდა რთული წარმოსადგენი იყოს შკალებზე დატანილი ტკივილი, ის მაინც არსებობს(ჩვენივე შედგენილი, რასაკვერველია…). და მაინც, ჩვენი ტკივილის ამსახველ შკალოვან-თითოვან “სისტემაში” ათსა და ცხრას შორის ერთი მთავარი განსხვავებაა, დიახ-! -ერთიანი, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ იმედის უკანასკნელი 5 გრამიანი ამპულა, რომელიც შეგრძნებადაკარგულ ვენაში გასაშვებადაა გამზადებული, რადგან არ არსებობს იმედზე უფრო მძლავრი ინსტრუმენტი ცხოვრების სიძნელეების წინააღმდეგ საბრძოლველად.


22


არის მომენტები, როცა შენთვის სიკვდილი შვებაა და ვერ კვდები, როცა გაქცევა ერთადერთი გამოსავალია და ფეხები არ გემორჩილება, როცა შენც გინდა მათსავით ჩურჩულებდე და საკუთარმა ხმამ სამუდამოდ მიგატოვა…

– გაინტერესებთ, როდის მთავრდება ყველაფერი?

– როცა ამპულების ყუთი ცარიელდება…



მოწამლული მზესუმზირები

MA23_PIGEON_GOF_MA_1339011f


თავჩაქინდრული ლამპიონივით ვდგავარ ქუჩაში.                                                       მოწამლულ მზესუმზირას ვუყრი მანქანების გამონაბოლქვში ამოგვარგნილ მტრედებს. თვალით ვზომავ კვადრატულ მეტრებში – მზით გახუნებულ-გახურებულ ტროტუარს და უაზროდ ვანგარიშობ.                                                        

ვუმატებ და ვაკლებ,                                                                                                           ვუმატებ და ვაკლებ,                                                                                                           ვუმატებ და ვაკლებ…

ვამჩნევ, როგორ გაყინავენ ხოლმე გამვლელ- გამომვლელნი თავიანთ ზიზღისფერ მზერას ჩემს სახეზე და აქლემივით იფურთხებიან, სხვათაშორის – ისინიც მზესუმზირებს, ოღონდ არა მოწამლულს, არამედ მცენარეულ ზეთში მოხალულს.     დღეს ხომ ოთხშაბათია, მარხვაა.ვიღაცისგან გაუგონიათ თუ ნამარხულევ დღეთა რაოდენობა ათასს გადაგიცდება, ჩათვალე სამოთხის ვიზა ხელში გიჭირავსო.           რას არ გაიგებს კაცი.

თანდათან ჩემს ირგვლივ შემოკრებილი მტრედების რაოდენობა იმატებს. მე მათ რკალში მოვექეცი, ისინი კი ჩემი ზეგავლენის ქვეშ. ხალხიც ასეა, ისინი დამოკიდებულებებისა და ზეგავლენის მსხვერპლნი ხდებიან, ხოლო ავტორიტეტები მათ მტარვალებად გვევლინებიან. ამიტომაც არ უნდა გააღმერთო არავინ, გამეფებით მითუმეტეს, რადგან მეფეები დროებითი ხალხია და ცდილობენ საუკუნეების გასაკეთებელი თავიანთი ზეობის ხანაში გააკეთონ. ასეთი რამ კი შეუძლებელია, მაგრამ არა წარმოუდგენელი(გონების თვალით), ამიტომაც არიან მეფეები ყოველთვის დიადი ფანტაზიის მქონენი.

ცხელი ჰაერი სახრჩობელაზე დაკიდებული თოკივით უჭერს მთელს ორგანიზმს. გამვლელ-გამომვლელთა ნაკადი კი არ წყდება. დროდადრო მეც ვაპარებ თვალს(ჩემიც ზიზღისფერია) მათკენ. საინტერესოა, როგორ ჰგვანან და ამავდროულად როგორ განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან.

ქუჩის კუთხეში ვიღაც ძაღლს “მოასეირნებს”, უფრო სწორად ძაღლი “მოასეირნებს” პატრონს. ძაღლს ყელზე მობმული თოკი და სიცხე პირდაპირი მნიშვნელობით აწუხებს, ამიტომ პატრონს ჯიუტად ექაჩება ტროტუარის კიდისკენ, რათა ხეების ჩრდილქვეშ მოექცეს და ოდნავი შვება იგრძნოს. ზიზღისფერთვალებიანი პატრონი კი ყურსასმენებში მოღრიალე ხმას ერთი-ორად მაღლა უწევს და კმაყოფილი სახით აგრძელებს ძაღლთან ერთად “სეირნობას”.

მოკლედ, დიდი დაბნელების ზღვარზე ვდგავართ, ოღონდ ამ პროცესში მზის, მთვარის და სხვა ციური სხეულების ბრალეულობა ახლავე შეგვიძლია გამოვრიცხოთ. მოგეხსენებათ, რომ სიბნელიდან თავის დაღწევის ბევრი გზა არ არსებობს, არსებულებს შორის კი ყველაზე პრაქტიკული – გზის ხელების ფათურით გაკვლევაა. ეს ხომ ისედაც კარგად გამოგვდის. საკმარისია მხოლოდ წარმოვიდგინოთ სიბნელე – დიდტრაკიან კახპად და ვუფათუროთ ხელები, მანამ სანამ გვირაბის ბოლოს სინათლე არ გამოჩნდება…

ამასობაში ჩემმა მტრედებმაც საბოლოოდ აკენკეს მოწამლული მსესუმზირები და ერთი მეორის მიყოლებით დაიწყეს ბარბაცი.

არ მოვუტყუვებივარ მოწამლული მზესუმზირის გამყიდველს, ეფექტი მართლაც “შესაშური” ჰქონია.

ისევ ვანგარიშობ, ოღონდ უკვე არა – უაზროდ. ვითვლი დახოცილი მტრედების რაოდენობას…

-1                                                                                                                                             -2                                                                                                                                               -3…



ნიჰილიზმის მარწუხებში

original


ამბობენ, თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მაშინ მუჰამედი მიდის მთასთანო.

დგახარ ძეგლივით, რომელიც გრძნობების ომის შედეგად, დანგრეულ ილუზიების ქალაქში გადარჩენილი ერთადერთი მონუმენტია. დღემდე ჯერ კიდევ შეგრჩენია იმედის ხუთგრამიანი ამპულა და ელი შორეთიდან მომავალ თოლიების გუნდს, რომელთაც რატომღაც ზღვის სურნელთან შეზავებული ადამიანების სუნი ასდით. თუმცა ისიც კარგად გესმის, რომ დადგება დრო, როცა შენივე უგრძნობი ხელებით მოინგრევ მუხლებს და დაემხობი პირქვე მიწაზე, რადგან ცისთვის თვალის გასწორება არ შეგიძლია. ძირს გართხმული ეამბორები შავ მიწას, რომელშიც უკვე იგრძნობა სიმშვიდის ის დოზა, რომლის ვენაში გაშვებაც აფეთქების შედეგად გარდაცვალების ტოლფასია, გარდაცვალების და არა სიკვდილის. შემდეგ მორევია, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია. ყვრიმალებშეფაკლებული დედამიწა გიხსნის თავის წიაღს და იწყება თქვენი ერთ მთლიანობად ქცევის პროცესი. არავითარ ძალას აღარ შეუძლია შენი უკან დაბრუნება, ქრები რეალობიდან, მახსოვრობიდან, წარმოსახვიდან, ქრები ილუზიებიდანაც კი…
დიახ, შენ უკვე აღარ არსებობ, შენ არაფერი ხარ, არარსებულობის არასებული ქვეყნიდან…

გილოცავ მო-ნუ-მე-ნტო!

გილოცავ გარდა-ცვალებას!

გილოცავ მეორედ დაბადებას ახალ კონდიციაში, სადაც არც მთა მიდის მუჰამედთან და არც მუჰამედი მთასთან, რადგან არც ერთი არსებობს და არც მეორე.



                                არარსებული კაცის არარსებული დოსიე

სახელი: არავინ


გვარი: არსაიდან


დაბადების ადგილი: არარსებული რესპუბლიკა – არაფერი, არარსებულ ქალაქი – სადღაციუმი.


დაბადების თარიღი: არარსებული წლის, არარსებული თვის, არარსებულ რიცხვი.


მიმდინარე საცხოვრებელი ადგილი: არარსებული ქალაქი – ილუზიუმი, არარსებული სიზმრების ქუჩა 54.


მოქალაქეობა: არაფერიელი


ოჯახური მდგომარეობა: დასაარაფრებელი


საქმიანობა: არარსებული რესპუბლიკა – არაფერის ვირტუალური უსაქმური.


ჰობი: არაფრის კითხვა, არარსებული დასვენების დღეების დეჟავუს პარკში გატარება.


საყვარელი გამონათქვამი: Welcome to Nowhere..!


მშვიდი ცურვა

download


15 წლის ვიყავი, როდესაც მისი მუსიკის მოსმენა დავიწყე. ეს ის ასაკია ყველაფერს რომ აპროტესტებ და ეჭვის თვალით უყურებ. ვერ ეგუები შეზღუდვებს და მტრად მიგაჩნია ყველა, ვინც ცდილობს მჭიდროდ შემოგიჭიროს მარწუხები. მოკლედ, ეს პერიოდი ყველას გამოგვივლია. სწორედ მაშინ გაჩნდა ჩემს მობილურში “ფლეილისტი”, სახელად – ირაკლი ჩარკვიანი/მეფე. მას შემდეგ ზუსტად 4 წელი გავიდა და ამიტომ დღევანდელი გადასახედით გაცილებით ადვილია დასკვნების გაკეთება და ვთვლი, რომ მაშინ მის სიმღერებს ვუსმენდი იმიტომ, რომ მასში ვნახულობდი ზღვის გადაცურვის შესაძლებლობას და ყოველი ახალი კომპოზიციიდან ისმოდა ჩარჩოების მსხვრევის ხმა.



ირაკლი ჩარკვიანი ჩემთვის სოციალური მომღერალია. ანუ ის მღეროდა იმას, რაც სოციუმის აწუხებდა, მაგრამ თავად საზოგადოებაში ამის ხმამაღლა გამოთქმას ბევრი ვერ ბედავდა. ამავდროულად, ის თავისი შემოქმედებით აშიშვლებდა საზოგადოების ნაკლოვანებებს, მახინჯ რწმენა-წარმოდგენებსა და სტერეოტიპებს.



რაც მთავარია, მისი შემოქმედება გაჟღენთილია სიყვარულის დიდი ისტორიით და ამბით იმის შესახებ, თუ რეალურად რა ძალა გააჩნია მუსიკას. „მეფის შემოქმედების“ სამიზნე აუდიტორიას ასაკობრივი შეზღუდვები არ გააჩნია, რადგან მის სიმღერებში ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია აღმოაჩინოს ის, რასაც ეძებს და განსაკუთრებით სჭირდება კონკრეტულ სიტუაციაში.



ორმაგად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის  ირაკლი ჩარკვიანის, როგორც მწერლად გაცნობა, როცა გასულ წელს ავტორომანი -„მშვიდი ცურვა“ წავიკითხე, რომელიც ერთგვარი სინთეზია, გაერთიანება ორი რომანისა, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის – ორი წიგნი ერთში. წიგნში ირაკლი ჩარკვიანი მოგვითხრობს თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ და ასევე, გადმოგვცემს იმ გრძნობებს, რომელსაც 43 წლის ასაკში, უშუალოდ წერის პროცესში განიცდის. ხოლო, პარალელურად კი ვითარდება წიგნის მეორე პერსონაჟის – ქაბულელი ტერორისტის სიუჟეტი. კერძოდ, უკანასკნელ საათები, რომელსაც ის ატარებს თვითმფრინავის ბორტზე და ემზადება მის ასაფეთქებლად. ის გახლავთ ლეგენდარული მოძღვრისა და პოეტის – რუმის თანამედროვე რეინკარნაცია. ყველაზე თვასლაჩინო ამ რომანში გახლავთ მწერლის გულახდილობა და მკითხველთან  დაუფარავად საუფარი საკუთარ განცდებსა და ემოციებზე. ზოგადად, წიგნის წაკითხვის დროს, მკითხველთა უმრავლესობის მსგავსად, ჩემთვის საინტერესო ციტატებს ვინიშნავ ხოლმე და წაკითხვის შემდეგ – “წიგნციტატაცაც” მზად არის. გთავაზობთ “მშვიდ ცურვას” წიგნციტატად და გირჩევთ აუცილებლად წაიკითხოთ:

  •  სიჩუმესთან ბრძოლა სულაც არ არის საჭირო, პირიქით, უნდა შეურიგდე, მიყვე მას, თუ გსურს ცოტა ხნით მაინც გახდე იმის მოწმე, როგორ იბადება ჭეშმარიტი ბედნიერება.

  • სიჩუმის იმ რაოდენობით შეგრძნება, რასაც გარემო გაწვდის, მხოლოდ რჩეულებს ძალუძთ.

  • მართალია, სული რთულად იბანება, თუმცა ცაში, როგორც ამბობენ, ამ პროცედურის ჩატარება უფრო ეფექტურია, ვიდრე ცოდვილ მიწაზე.

  •  მნიშვნელობა არ აქვს, შენ მიხვალ წყალთან თუ ის მოაღწევს შენამდე, ცურვა ორივე შემთხვევაში იწყება, მთავარია მშვიდად მიენდო, ბოლომდე მიყვე დინებას და საკუთარი მოძრაობა სიამოვნებას განიჭებდეს.

  •  წიგნები ყველაზე ეკოლოგიური და მშვიდი თავშესაფარია, ნარკოტიკებისგან, სექსისგან და სხვა თუხთუხა ბომბსაცავებისგან განსხვავებით.

  • არასდროს არ მყოლია მეგობრები, ეს სულ დროებითი ხალხია, როგორც წესი, მერე თორმეტკაციანი კლასიკური სტილის ჯვარცმელთა გუნდი თავისას ჩაიდენს. თუ დროზე არ დაუსხლტი ხელიდან, იმას გიზამენ, რაც საწყალ იესოს უქნეს.

  •  ქალის ცრემლებზე უფრო მოსაწყენი არაფერია.

  •  ჩემი “ოხერი” თაობა, ასე ვუწოდებ მას, ანუ გაგარინელები გულის სიღრმეში იმით ვამაყობდით, რომ ჩვენი კერპი ჯიმი ჰენდრიქსი ჰეროინის დიდი დოზისგან გაიპარა.

  •  – ღმერთი მოკვდაო, წერდა ჩვენი ძმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, მე კი მეოცე საუკუნის ბოლოს, ცისფერ როლს როისში ატირებული მივხვდი, რომ სიყვარული მოკვდა და ჩვენ მხოლოდ ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, ვეჯიბრებოდით ყველაფერში.

  •  მე ვცდილობ დავემსგავსო სტიქიას და არა ადამიანებს, ამიტომ ლოგიკურ ძიებებს თავი დაანებეთ და მიყევით დინებას, მშვიდ დინებას,ს რომელიც ერთ მშვენიერ დღეს თქვენთვის უდაბურ კუნძულზე გაგრიყავთ.

  •  ყოველი ჩვენთაგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, სიკვდილამდე ორიოდ წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია, როგორც მონობა, ამიტომ ისინი, ვინც სიცოცხლეშივე აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ჰქვია.

  • ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია, ისინი რჩებიან ისტორიაში, ისევე, როგორც მოპოვებული გამარჯვებები.

  • ხალხი მეტწილად ღიზიანდება, როცა შენ საკუთარ თავს მეფეს უწოდებ. თუმცა ხალხი ყოველთვის გაღიზიანებულია, როცა პოპულარული ხარ, ისედაც შურით სკდება, ამიტომ დიდი განსხვავება არ არის, მეფეს დაირქმევ თუ არა, მავანი მაინც ყოველთვის შენ წინააღმდეგ იქნება, ამიტომ ჯობს მეფეს ებრძოდნენ, ვიდრე ირაკლი ჩარკვიანს.

  • სად გაგონილა პრემიერ-მინისტრი(ზურაბ ჟვანია/ავტ) ირანული გაზის გამათბობლის გამონაბოლქვისგან დაიღუპოს? იქნებ ეს კარგად დაგეგმილი და შესრულებული მკვლელობაა, ტერორისტული აქტი? ფაქტია, რომ ამას ვერასდროს გავიგებთ, თან ისეთი თოვლი დადო, ყველანაირ კვალს დაფარავს. ასეთ თოვლში მკვლელებსც ისეთი გრძნობა ეუფლებათ, თითქოს არაფერი ჩაუდენიათ და ყველა ცოდვა მათ ნაცვლად თეთრმა თოვლმა მოინანია.

  • ნუ წახვალ იქ, მოდი აქ! – ასე ქვია იმ სიმღერას, რომლის ვიდეოპრეზენტაციაზე დავპატიჟე პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ალბათ ძალიან ბევრს უნდოდა მისი იქ წასვლა, ჩემგან განსხვავებით და ალბათ სწორედ ამიტომ ის წავიდა იქ და არ მოვიდა აქ!

  • ხელოვნება თავისი არით უფრო ბედნიერია, ვიდრე ბენდიერება.

  •  კაცობრიობის 98% ონანისტია და სხვისი ფანტაზიით საზრდოობს.

  • ჭეშმარიტი კაიფი სიფხიზლეშია.

  • იმედების დამყარება მშობლების საყვარელი გართობაა.

  • მე ვარ გმირი, რომელიც არასდროს ჩაიდენს გმირობას, მე ვარ მეფე, რომელიც არასდროს არ მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს, რომელმაც სხვადასხვა მიზეზების გამო ჯერ ვერ მიაღწია სულიერების იმ პიკს, საიდანაც თითქმის ყველაფერი მოჩანს.

  • დრო, როგორც გაცვეთილი ჯინსები, ეცმევა თქვენს აზროვნებას…

  • მე არ მჭირდება მოწაფეები და არ მოწაფეებს ჭირდებათ მეფე, რომ მათ სულიერი ნახტომი განახორციელონ. მშვიდი ცურვა ის ერთადერთი გზაა, რისკენაც მოგიწოდებთ.

ისე, უბრალოდ…

man-walking-snowy-bridge_89913_990x742

იშვიათად მიკვირს.

„მე ვარ ცოდვილი“ – ეს ის სიტყვებია, რომლითაც ჩვენს დროში, რიგით დედამიწელებს ნაკლებად გააკვირვებ. თუმცა როდესაც ამბობენ, რომ ცხოვრებაში არაფერი უნანიათ და არც ახლა ნანობენ რაიმეს, აი, ეს უკვე სხვა თემაა და მიკვირს, გულწრფელად მიკვირს… მე პირადად ვნანობ ძალიან ბევრ ჩადენილ თუ ჩაუდენილ(არ, ვერ) საქციელს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიარო, რომ არ მენანება საკუთარი თავი ამ შეცდომებისთვის. რატომ? ადამიანი ხომ მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლობს, შეიმეცნებს ცუდისა და კარგის ერთმანეთისგან გარჩევას… სწავლა საკუთარ შეცდომებზე კი საუკეთესო საშუალებაა გახდე უკეთესი, ვიდრე ხარ და მიუახლოვდე შენთვის სასურველ, ნანატრ კონდიციას. მდგომარეობას,  რომელშიც არსებობა უკვე ბედნიერებაა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

იშვიათად მიკვირს.

როდესაც ვფიქრობ ჩემს შეცდომებზე, ცოდვებზე, სწავლაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ჩამოყალიბებაზე, იმდენი უპასუხო შეკითხვები მებადება, რომ ხანდახან მგონია, ერთი ცხოვრება არ მეყოფა მათზე პასუხის გასაცემად. მოკლედ, ამ დროს ერთადერთი მყარი დასაყრდენი სწორედ – ჩემი წარსულია. მოგეხსენებათ იმისთვის, რომ კონკრეტული მოვლენა შეაფასო, ის დროს უნდა მიანდო. როგორც წესი, დროში ყველაფერი უნალექოდ ჩანს, თუ რა იყო, როგორ, რისთვის და რატომ… ისტორიაც ხომ ამ მარტივ პრინციპს ეფუძნება, პრინციპს სახელად – დრო…  მეც გავყურებ ჩემს გუშინდელ დღეს, ნელ-ნელა რომ იწმინდება დროში და უკვე შეიძლება დასკვნების გაკეთება, რომლებიც მეხმარებიან ვიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე ვიყავი. მარტივად მე მათ წარსულის სიგნალებს ვეძახი. წარსული, აწმყო თუ მომავალი, რომელზე უნდა იფიქროს კაცმა უფრო ბევრი? ამბობენ, რომ ვინც მხოლოდ წარსულს გამოჰკიდებია, მას მომავალი არ გააჩნია. ვისაც მხოლოდ აწყმოთი გადაუწყვეტია ცხოვრება, მას უკვე აკრავს „ყვარყვარეობის“ იარლიყი, ხოლო მომავალზე ჩაფიქრებულისთვის მეოცნების დამღა დაუსვამთ. ვფიქრობ, რომ არ არსებობს უნივერსალური რჩევა ან ფორმულა, თუ რომელზე უნდა ვიფიქროთ მეტი. უბრალოდ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ წარსული ჩვენი ფესვებია, აწმყო ჩვენი სხეული, ხოლო მომავალს  არასდროს უნდა მოვაშოროთ  ჩვენი თვალის მზერა. სამივე მათგანი კი ერთი დიდი მთლიანობაა, რომლისგანაც ჩვენი ცხოვრება შედგება. ცხოვრება, რომელიც იშვიათად გვპატიობს დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ არც სინანულის უნარის წართევა ძალმიძს ჩვენგან.

როგორც გითხარით – იშვიათად მიკვირს,

რადგან მეც რიგითი ცოდვილი დედამიწელი ვარ და

მე ვნანობ..!

გამორუტინებული

6-22-10-moon-window-lg
ცინიკოსია მთვარე, ყველაზე დიდი ცინიკოსი ამ სამყაროში. ის დღის პაროდიას აკეთებს ღამე, როცა ძაძითმოსილ ცას ჩამოეკიდება ხოლმე თავისი გაქნილი საცეცებით. მთვარე დასცინის ღამესაც, როცა ბნელს უნათებს, სიცოცხლეს უწამლავს და სააშკარაოზე გამოაქვს ღამის ფიქრებ-ზრახვანი. მთვარე დამცინის მეც, როცა ღამის 3 საათზე ძილი არ მეკარება და ჯიუტად ვცდილობ დიალოგს საკუთარ თავთან, საკუთარ “მე”-სთან, მაგრამ არაფერი გამომდის. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც მიყვარს მთვარე და ვიცი, არც ისაა გულგრილი ჩემდამი და ესმის ჩემი, რადგან მეც მასსავით ცინიკოსი ვარ, ხოლო ამ ქვეყნად ცინიკოსებზე უფრო ერთმანეთს ვერავინ უგებს.

Healthy-daily-routine-3
Zeit anhalten
ვერაფერს ვუხერხებ ამ ბოლო დროს გახშირებული დეჟავუს. შეგრძნებას, რომელიც ჯიუტად  მექაჩება
წარსულისკენ. გუშინაც ასე დამათენდა, გუშინწინაც… ალბათ,
არც ხვალინდელი ღამე იქნება გამონაკლისი. მოკლედ, გამოვრუტინდი, ფეხი დამიცდა და ერთფეროვნების იმ ღრმა ორმოში გადავვარდი, რომლიდანაც ამოსვლა თოკითაც კი – ადვილი სამქე როდია.    
თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ამოსვლა არც მიცდია. რატომღაც მომწონს ეს კონდიცია, ჭიდილი საკუთარ თავთან და ყირამალა ფიქრები. ხანდახან მგონია, რომ ყველაზე დიდი სიგიჟე აზრის, ფიქრის თავისუფლებაშია. როდესაც შეგიძლია წამის მეათასედებში ერთ დიდ აბსტრაქციად გარდაქნა რეალობა და რეალობის გაცრეცილი ნიღაბი ჩამოაფარო ყოველივე განყენებულს. ეს სამყარო იმდენ შესაძლებლობას იძლევა, არა მგონია ოდესმე ადამიანებმა მისი ბოლომდე გამოყენება შევძლოთ.

moon

ისევ ძაძიანი ცისკენ გამექცა თვალი, ალბათ იმიტომ, რომ ცინიკოსი მთვარე ლამისაა ფანჯარაში შემომიძვრეს. მიუხედავად დროისა და მდგომარეობისა, ყოველთვის ვცდილობ მოვძებნო თვითგამოხატვის საშუალებები, ამიტომ ამ რუტინულ სტატიას ვამთავრებ ჩემივე ლექსით, რომელსაც მართალია შედარებით განსხვავებული შინაარში აქვს, თუმცა ისიც “დღეთა რუტინული ხასიათებითაა” გაჟღენთილი.

დილად გადამექცა შუაღამე,
წამებს ვეღარ ვარჩევ წუთებისგან,
ვიცი, რომ არ მოგწერ სიჯიუტის
ყელში გაჩხერილი ბურთებისგან.
მწამლავს მარტის წვიმა, მისი ხმები,
ვწამლობ შენზე ფიქრის ბაცილებით,
დროა, თავს პირობა უნდა მივცე,
მე გავხდები უკეთესი, გაცილებით.
ისევ ისე გაზაფხულდა, როგორც შარშან,
ჩვენც დღითიდღე უფრო ვნაპირდებით,
გაუკვალავ გზების ერთად გავლას,
ალბათ, ვერც ვერასდროს დაგპირდები.
დღეთა ამ რუტინულ ხასიათებს,
კაცი რას გაუგებს, რას მიხვდება,
ღამეს ხომ უხდება შავი ფერი,
მაგრამ მასზე უფრო შენ გიხდება.
დილად გადამექცა შუაღამე,
წამებს ვეღარ ვარჩევ წუთებისგან,
ვიცი, რომ არ მოგწერ სიჯიუტის
ყელში გაჩხერილი ბურთებისგან.

* * *