სოციალური პოეზია

self-portrait-shadow-desert_88867_990x742

ჩვენ(ეული)

* * *

ქუჩაში მორალს ვკითხულობთ,
ეკლესიაში – მრწამსს,
და “სინანულით” ვუყურებთ
ბოღმა როგორ კლავს კაცს.
გიჟებს სახეში ვაბოლებთ
სიგარეტის მწველ კვამლს,
მაგრად გვიკიდია, ვიცით, რომ
მოწევა აღარ კლავს.
ვატარებთ წვერებს, მანქანებს,
დროს არ ვუტოვებთ შანს,
არ ვიხედებით წიგნებში,
სარკეში უკეთ ჩანს.
მზიან ამინდებს ვუწყრებით,
მზე რომ ანათებს ცას,
გვაშინებს ჩვენი ჩრდილები,
რად არ იღებენ ხმას?!
წარსულს დიდებით ვახსენებთ,
მომავლის უფრო გვწამს,
და ბედის ირონიაა
აწმყო კვლავ ცოცხლად გვჭამს…

 



 

 

angry-mob

შენ ხარ შვილი ბრბოს!

* * *

შენ ხარ შვილი ბრბოს!
და მამების თაობამ,
დაგიტოვა ქუჩებში
სრული განუკითხაობა.
ტოვებ ტალახის კვალს,
ყველგან, რასაც ეხები,
ცდილობ მისწვდე ცას,
მიწაში გაქვს ფეხები.
არ გაძინებს სიჩუმე,
ღამეების მოთმენა,
აღარავის სურს შენგან
აღსარების მოსმენა.
შენ ხარ შვილი ბრბოს!
და შვილების თაობას,
დაუტოვებ ქუჩებში
სრულ განუკითხაობას.
იბრძვი ბევრს და უშანსოდ,
ეს ცხოვრების ცეცხლია,
ჯიბეებში ჯერ კიდევ
ოცდაათი ვერცხლია.
შენ ვერ ირჩევ გზას,
უცდი მხოლოდ დროს,
არც კი გიკვირს, ხვდები, რომ
შენ ხარ შვილი ბრბოს!

 



 

 

 

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი