15 წლის ვიყავი, როდესაც მისი მუსიკის მოსმენა დავიწყე. ეს ის ასაკია ყველაფერს რომ აპროტესტებ და ეჭვის თვალით უყურებ. ვერ ეგუები შეზღუდვებს და მტრად მიგაჩნია ყველა, ვინც ცდილობს მჭიდროდ შემოგიჭიროს მარწუხები. მოკლედ, ეს პერიოდი ყველას გამოგვივლია. სწორედ მაშინ გაჩნდა ჩემს მობილურში “ფლეილისტი”, სახელად – ირაკლი ჩარკვიანი/მეფე. მას შემდეგ ზუსტად 4 წელი გავიდა და ამიტომ დღევანდელი გადასახედით გაცილებით ადვილია დასკვნების გაკეთება და ვთვლი, რომ მაშინ მის სიმღერებს ვუსმენდი იმიტომ, რომ მასში ვნახულობდი ზღვის გადაცურვის შესაძლებლობას და ყოველი ახალი კომპოზიციიდან ისმოდა ჩარჩოების მსხვრევის ხმა.
ირაკლი ჩარკვიანი ჩემთვის სოციალური მომღერალია. ანუ ის მღეროდა იმას, რაც სოციუმის აწუხებდა, მაგრამ თავად საზოგადოებაში ამის ხმამაღლა გამოთქმას ბევრი ვერ ბედავდა. ამავდროულად, ის თავისი შემოქმედებით აშიშვლებდა საზოგადოების ნაკლოვანებებს, მახინჯ რწმენა-წარმოდგენებსა და სტერეოტიპებს.
რაც მთავარია, მისი შემოქმედება გაჟღენთილია სიყვარულის დიდი ისტორიით და ამბით იმის შესახებ, თუ რეალურად რა ძალა გააჩნია მუსიკას. „მეფის შემოქმედების“ სამიზნე აუდიტორიას ასაკობრივი შეზღუდვები არ გააჩნია, რადგან მის სიმღერებში ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია აღმოაჩინოს ის, რასაც ეძებს და განსაკუთრებით სჭირდება კონკრეტულ სიტუაციაში.
ორმაგად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ირაკლი ჩარკვიანის, როგორც მწერლად გაცნობა, როცა გასულ წელს ავტორომანი -„მშვიდი ცურვა“ წავიკითხე, რომელიც ერთგვარი სინთეზია, გაერთიანება ორი რომანისა, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის – ორი წიგნი ერთში. წიგნში ირაკლი ჩარკვიანი მოგვითხრობს თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ და ასევე, გადმოგვცემს იმ გრძნობებს, რომელსაც 43 წლის ასაკში, უშუალოდ წერის პროცესში განიცდის. ხოლო, პარალელურად კი ვითარდება წიგნის მეორე პერსონაჟის – ქაბულელი ტერორისტის სიუჟეტი. კერძოდ, უკანასკნელ საათები, რომელსაც ის ატარებს თვითმფრინავის ბორტზე და ემზადება მის ასაფეთქებლად. ის გახლავთ ლეგენდარული მოძღვრისა და პოეტის – რუმის თანამედროვე რეინკარნაცია. ყველაზე თვასლაჩინო ამ რომანში გახლავთ მწერლის გულახდილობა და მკითხველთან დაუფარავად საუფარი საკუთარ განცდებსა და ემოციებზე. ზოგადად, წიგნის წაკითხვის დროს, მკითხველთა უმრავლესობის მსგავსად, ჩემთვის საინტერესო ციტატებს ვინიშნავ ხოლმე და წაკითხვის შემდეგ – “წიგნციტატაცაც” მზად არის. გთავაზობთ “მშვიდ ცურვას” წიგნციტატად და გირჩევთ აუცილებლად წაიკითხოთ:
- სიჩუმესთან ბრძოლა სულაც არ არის საჭირო, პირიქით, უნდა შეურიგდე, მიყვე მას, თუ გსურს ცოტა ხნით მაინც გახდე იმის მოწმე, როგორ იბადება ჭეშმარიტი ბედნიერება.
- სიჩუმის იმ რაოდენობით შეგრძნება, რასაც გარემო გაწვდის, მხოლოდ რჩეულებს ძალუძთ.
- მართალია, სული რთულად იბანება, თუმცა ცაში, როგორც ამბობენ, ამ პროცედურის ჩატარება უფრო ეფექტურია, ვიდრე ცოდვილ მიწაზე.
- მნიშვნელობა არ აქვს, შენ მიხვალ წყალთან თუ ის მოაღწევს შენამდე, ცურვა ორივე შემთხვევაში იწყება, მთავარია მშვიდად მიენდო, ბოლომდე მიყვე დინებას და საკუთარი მოძრაობა სიამოვნებას განიჭებდეს.
- წიგნები ყველაზე ეკოლოგიური და მშვიდი თავშესაფარია, ნარკოტიკებისგან, სექსისგან და სხვა თუხთუხა ბომბსაცავებისგან განსხვავებით.
- არასდროს არ მყოლია მეგობრები, ეს სულ დროებითი ხალხია, როგორც წესი, მერე თორმეტკაციანი კლასიკური სტილის ჯვარცმელთა გუნდი თავისას ჩაიდენს. თუ დროზე არ დაუსხლტი ხელიდან, იმას გიზამენ, რაც საწყალ იესოს უქნეს.
- ქალის ცრემლებზე უფრო მოსაწყენი არაფერია.
- ჩემი “ოხერი” თაობა, ასე ვუწოდებ მას, ანუ გაგარინელები გულის სიღრმეში იმით ვამაყობდით, რომ ჩვენი კერპი ჯიმი ჰენდრიქსი ჰეროინის დიდი დოზისგან გაიპარა.
- – ღმერთი მოკვდაო, წერდა ჩვენი ძმა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, მე კი მეოცე საუკუნის ბოლოს, ცისფერ როლს როისში ატირებული მივხვდი, რომ სიყვარული მოკვდა და ჩვენ მხოლოდ ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, ვეჯიბრებოდით ყველაფერში.
- მე ვცდილობ დავემსგავსო სტიქიას და არა ადამიანებს, ამიტომ ლოგიკურ ძიებებს თავი დაანებეთ და მიყევით დინებას, მშვიდ დინებას,ს რომელიც ერთ მშვენიერ დღეს თქვენთვის უდაბურ კუნძულზე გაგრიყავთ.
- ყოველი ჩვენთაგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, სიკვდილამდე ორიოდ წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია, როგორც მონობა, ამიტომ ისინი, ვინც სიცოცხლეშივე აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ჰქვია.
- ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია, ისინი რჩებიან ისტორიაში, ისევე, როგორც მოპოვებული გამარჯვებები.
- ხალხი მეტწილად ღიზიანდება, როცა შენ საკუთარ თავს მეფეს უწოდებ. თუმცა ხალხი ყოველთვის გაღიზიანებულია, როცა პოპულარული ხარ, ისედაც შურით სკდება, ამიტომ დიდი განსხვავება არ არის, მეფეს დაირქმევ თუ არა, მავანი მაინც ყოველთვის შენ წინააღმდეგ იქნება, ამიტომ ჯობს მეფეს ებრძოდნენ, ვიდრე ირაკლი ჩარკვიანს.
- სად გაგონილა პრემიერ-მინისტრი(ზურაბ ჟვანია/ავტ) ირანული გაზის გამათბობლის გამონაბოლქვისგან დაიღუპოს? იქნებ ეს კარგად დაგეგმილი და შესრულებული მკვლელობაა, ტერორისტული აქტი? ფაქტია, რომ ამას ვერასდროს გავიგებთ, თან ისეთი თოვლი დადო, ყველანაირ კვალს დაფარავს. ასეთ თოვლში მკვლელებსც ისეთი გრძნობა ეუფლებათ, თითქოს არაფერი ჩაუდენიათ და ყველა ცოდვა მათ ნაცვლად თეთრმა თოვლმა მოინანია.
- ნუ წახვალ იქ, მოდი აქ! – ასე ქვია იმ სიმღერას, რომლის ვიდეოპრეზენტაციაზე დავპატიჟე პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ალბათ ძალიან ბევრს უნდოდა მისი იქ წასვლა, ჩემგან განსხვავებით და ალბათ სწორედ ამიტომ ის წავიდა იქ და არ მოვიდა აქ!
- ხელოვნება თავისი არით უფრო ბედნიერია, ვიდრე ბენდიერება.
- კაცობრიობის 98% ონანისტია და სხვისი ფანტაზიით საზრდოობს.
- ჭეშმარიტი კაიფი სიფხიზლეშია.
- იმედების დამყარება მშობლების საყვარელი გართობაა.
- მე ვარ გმირი, რომელიც არასდროს ჩაიდენს გმირობას, მე ვარ მეფე, რომელიც არასდროს არ მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს, რომელმაც სხვადასხვა მიზეზების გამო ჯერ ვერ მიაღწია სულიერების იმ პიკს, საიდანაც თითქმის ყველაფერი მოჩანს.
- დრო, როგორც გაცვეთილი ჯინსები, ეცმევა თქვენს აზროვნებას…
- მე არ მჭირდება მოწაფეები და არ მოწაფეებს ჭირდებათ მეფე, რომ მათ სულიერი ნახტომი განახორციელონ. მშვიდი ცურვა ის ერთადერთი გზაა, რისკენაც მოგიწოდებთ.