ამბობენ, თუ მთა არ მიდის მუჰამედთან, მაშინ მუჰამედი მიდის მთასთანო.
დგახარ ძეგლივით, რომელიც გრძნობების ომის შედეგად, დანგრეულ ილუზიების ქალაქში გადარჩენილი ერთადერთი მონუმენტია. დღემდე ჯერ კიდევ შეგრჩენია იმედის ხუთგრამიანი ამპულა და ელი შორეთიდან მომავალ თოლიების გუნდს, რომელთაც რატომღაც ზღვის სურნელთან შეზავებული ადამიანების სუნი ასდით. თუმცა ისიც კარგად გესმის, რომ დადგება დრო, როცა შენივე უგრძნობი ხელებით მოინგრევ მუხლებს და დაემხობი პირქვე მიწაზე, რადგან ცისთვის თვალის გასწორება არ შეგიძლია. ძირს გართხმული ეამბორები შავ მიწას, რომელშიც უკვე იგრძნობა სიმშვიდის ის დოზა, რომლის ვენაში გაშვებაც აფეთქების შედეგად გარდაცვალების ტოლფასია, გარდაცვალების და არა სიკვდილის. შემდეგ მორევია, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია. ყვრიმალებშეფაკლებული დედამიწა გიხსნის თავის წიაღს და იწყება თქვენი ერთ მთლიანობად ქცევის პროცესი. არავითარ ძალას აღარ შეუძლია შენი უკან დაბრუნება, ქრები რეალობიდან, მახსოვრობიდან, წარმოსახვიდან, ქრები ილუზიებიდანაც კი…
დიახ, შენ უკვე აღარ არსებობ, შენ არაფერი ხარ, არარსებულობის არასებული ქვეყნიდან…
გილოცავ მო-ნუ-მე-ნტო!
გილოცავ გარდა-ცვალებას!
გილოცავ მეორედ დაბადებას ახალ კონდიციაში, სადაც არც მთა მიდის მუჰამედთან და არც მუჰამედი მთასთან, რადგან არც ერთი არსებობს და არც მეორე.
არარსებული კაცის არარსებული დოსიე
სახელი: არავინ
გვარი: არსაიდან
დაბადების ადგილი: არარსებული რესპუბლიკა – არაფერი, არარსებულ ქალაქი – სადღაციუმი.
დაბადების თარიღი: არარსებული წლის, არარსებული თვის, არარსებულ რიცხვი.
მიმდინარე საცხოვრებელი ადგილი: არარსებული ქალაქი – ილუზიუმი, არარსებული სიზმრების ქუჩა 54.
მოქალაქეობა: არაფერიელი
ოჯახური მდგომარეობა: დასაარაფრებელი
საქმიანობა: არარსებული რესპუბლიკა – არაფერის ვირტუალური უსაქმური.
ჰობი: არაფრის კითხვა, არარსებული დასვენების დღეების დეჟავუს პარკში გატარება.
საყვარელი გამონათქვამი: Welcome to Nowhere..!