მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ..!

georgia-vs-germany-29032015ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი  ჩამოდის, ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თამაშის მიმართ ემოციური ფონი საკმარისზე მეტი იყო. როცა ქვეყანაში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, როგორც წესი, ქუჩებში გაცილებით მეტი სულიერი თუ ძრავიანი უსულო მოძრაობს. მაგრამ, თუკი ამ ყველაფრის პარალელურად ლუდის გაყიდვის მაჩვენებელმა საგრძნობლად მოიმატა, მაშინ ეს მნიშვნელოვანი რამ, უთუოდ სპორტს უკავშირდება. მოკლედ, 28-დან უკვე იგრძნობოდა მსგავსი სიპტომები. უბრალო ამბავი ხომ არ არის, ითამაშო გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ. გუნდმა, რომელმაც გასულ ზაფხულს, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში, სოდომ-გომორი მოუწყო მასპინძელ – ბრაზილიის ნაკრებს ( 7:1! ), რომელთვისაც ფეხბურთი ლამის ეროვნული იდენტობის გამოხატულებადაა ქცეული. 29 მარტს, თამაშამდე ორი საათით ადრე, გულშემატკივართა სერიოზულ რაოდენობას მოეყარა თავი. ალბათ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მასმედიის გაფრთხილებებმა უფრო შეაშინა, დიდი რიგების შესახებ. თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, მიუხედავად რიგებისა სტადიონზე ვერშესვლის პრობლემა ნაკლებად იყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს ქართველებმა ვეცადეთ ჩვენთვის უჩვეულო გერმანული სიზუსტე გამოგვევლინა და სტადიონზე დროულად მივსულიყავით.  მიუხედავად თამაშისადმი ინტერესისა, თავისუფალ ადგილებს სტადიონზე ისევე ადვილად შეამჩნევდით, როგორც გადამყიდველთა ჯგუფებს სტადიონის ყველა შესასვლელთან. ჩემდა გასაკვირად, თავი მოეყარა საკმაო რაოდენობა შავ-ყვითელ ფერებში გამოწყობილ გერმანელ ქომაგებსაც. რასაკვირველია, მთელი თამაშის დეტალურად განხილვას არ ვაპირებ, უბრალოდ მინდა რამდენიმე  ფაქტზე გავამახვილო თქვენი ყურადღება, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.

უცნაურია, მაგრამ თამაშის დროს, მოედანზე ხალხი ისე შერბოდა, თითქოს საკუთარი სახლი ყოფილიყოს და გაზის გამორთვა დავიწყებოდეთ.

download (1)


ხალხის ოვაცია დაიმსახურა გუშემატკივარმა, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს მოედანზე შევიდა და ჩვენი ნაკრების ლიდერსა და კაპიტანს – ჯაბა კანკავას დაუჩოქა და ბუცზე აკოცა. მსგავსი ჟესტით ის გამოეხმაურა წინა დღის ინციდენტს, როცა  მსგავსი რამ გააკეთა  ქართველმა ქომაგმა, ოღონდ ამჯერად გერმანიის ნაკრების ვარჯიშის დროს და მათი კაპიტნის მიმართ, რასაც საზოგადოების დიდ ნაწილში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

jaba

11077847_872860829441119_7487097397775005434_n


ასევე, საკმაოდ საინტერესოდ ჟღერდა მამის დარიგება სამი წლის შვილთან: – „ჰა მამა, სახლში რომ იგინები, აქ შეიგინე, აქ…!“ ეტყობა შვილთან აღმზრდელობითი სამუშაოების ჩატარება სწორედ, რომ სტადიონზე გადაეწყვიტა.

განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ჩემს წინ რიგში მჯდარი ახალგარდა ბიჭი – განერვიულებული სახით, რომელიც ხუთი ათასს, უფრო სწორად „პიატ ტიშს“ იგებდა, არა, კი არ იგებდა – „ხსნიდა“ ევროპა-ბეთზე, თუკი გერმანია მესამე გოლსაც გაიტანდა. ტაიმებს შორის პაუზის დროს, ძმაკაცთან ერთად გავიდა. სადღაც 10 წუთის დაგვიანებით ისევ დაბრუნდნენ და უკვე მთელი მეორე ტაიმი კუთხურებსა და მსაჯის მიერ ნაჩვენებ ბარათების რაოდენობას ითვლიდნენ.(მგონი არც აქ გაუმართლათ.) სხვათაშორის, პირველი გოლის შემდეგ იყო ეპიზოდი, როცა გერმანიამ თამაშგარე მდგომარეობიდან გაგვიტანა გოლი, ხოლო ტაბლომ შეცდომით 0-2 აჩვენა, ეტყობა მასაც(ტაბლოს) გერმანიის მეტ გოლზე ჰქონდა დადებული.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრები თითქმის უშანსოდ დამარცხდა, მათ ღირსეულად ითამაშეს და გუშემატკივართა მადლობაც დაიმსახურეს მატჩის ბოლოს, ისევე როგორც გულშემატკივრები იმსახურებენ ძალიან დიდ მადლობას, რომლებიც მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურად ქომაგოდნენ ეროვნულ ნაკრებს, ტაბლოზე არსებული ანგარიშის მიუხედავად.

და ბოლოს, გვერდს ვერ ავუვლი ტრადიციადქცეულ პრობლემას… სტადიონის დატოვებისას ჯობდა ძირს არ დაგეხედათ და ისე გამოსულიყავით, თუმცა იმის საფრთხეც იყო, რამეზე ფეხი წამოგეკრათ, ამიტომ ისევ დაბლა დახედვა მოგიწევდათ.

20150329_220326

20150329_222540


ყველაფრის მიუხედავად, ასეთი დღეები ერთი ძალიან მარტივი და ამავდროულად, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზის გამო მიხარია, ის, რომ ჩვენ შეგვიძლია გვერდში ვუდგეთ ერთმანეთს და ვამაყობდეთ ჩვენი ქვეყნით. ერთად ვიდგეთ გამარჯვების და დამარცხების მიუხედავად! ვთვლი, რომ ერთსულოვნება ის ფუნდამეტნია, რომელზეც სახლის აშენება შეიძლება. ისეთი სახლის, რომელსაც ქარი სახურავს ვერ გადახდის, წვიმა შიგნით ვერ შეაღწევს,  ხოლო მიწისძვრა ბზარს ვერ გაუჩენს. სხვა დანარჩენი კი – მოგვარებადია…



რა არის ბედნიერება?

3cd9e10როდესაც ბედნიერებაზე საუბრობენ, ყოველთვის მახსენდება პაულო კოელიოს წიგნი – “ალქიმიკოსი” და თავში ერთი იგავი მომდის – ბედნიერების საიდუმლოს შესახებ, რომელიც სწორედ ამ წიგნშია მოთხრობილი. იგავის თანახმად:

“ერთმა ვაჭარმა, ბედნიერების საიდუმლოს შესასწავლად, ბრძენთა ბრძენთან გაგზავნა შვილი. ყმაწვილი ორმოც დღეს მიაბიჯებდა უდაბნოში და ბოლოს მთის მწვერვალზე დიდებული ციხესიმაგრე დაინახა. იქ ცხოვრობდა ბრძენი.

უცნაური იყო, მაგრამ ციხესიმაგრე არაფრით ჰგავდა ბერის საყუდელს და თან ხალხით იყო სავსე: ვაჭრები საქონელს ასაღებდნენ, ყველგან ხალხი ირეოდა და საუბრობდნენ, პატარა ორკესტრი ნაზ მელოდიას უკრავდა, შუა დარბაზში კი ძვირფასი საჭმლით სავსე სუფრა იყო გაშლილი.

ბრძენი აუჩქარებლად დააბიჯებდა დარბაზში და სტუმრებს ემუსაიფებოდა. ყმაწვილს ორ საათს მოუწია ლოდინი, ვიდრე მისი ჯერი დადგებოდა.

ბოლოს, როგორც იქნა, მასთანაც მივიდა ბრძენი, მოუსმინა და მოცდა სთხოვა, მაგრამ რადგანაც ჯერ არ ეცალა ბედნიერების საიდუმლოს ასახსნელად, ურჩია, ციხესიმაგრე დაეთვალიერებინა და ორი საათის შემდეგ დაბრუნებულიყო.

«ერთი თხოვნაც მექნება შენთან, – უთხრა ყმაწვილს და ჩაის კოვზი გაუწოდა, რომელზეც ორი წვეთი ზეთი ესხა, – ეს კოვზი თან წაიღე და ეცადე, არ დაგეღვაროს».

ყმაწვილმა კოვზი გამოართვა და ფრთხილად აუყვა სასახლის კიბეებს, ორი საათის შემდეგ კი კვლავ ბრძენის წინაშე წარსდგა.

«სასადილო დარბაზის სპარსული ხალიჩები მოგეწონა? ბაღში თუ იყავი და ხეები და ყვავილები თუ ნახე, რომლის გასაშენებლადაც ათ წელიწადს იშრომეს მებაღეებმა? ბიბლიოთეკაში უძველესი ფოლიანტები და პერგამენტები თუ ნახე?» – ჰკითხა ბრძენმა.

დარცხვენილმა ყმაწვილმა აღიარა, რომ ვერაფრის ნახვა ვერ შეძლო, რადგან მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, ბრძენისაგან მიბარებული ორი წვეთი ზეთი არ დაღვროდა.

«უკან გაბრუნდი და სასახლე დაათვალიერე, – უთხრა ბრძენმა, – როგორ შეიძლება, ენდო ადამიანს, თუ არ იცი, სად და როგორ ცხოვრობს».

ყმაწვილი თავის კოვზიანად ისევ სასახლის დარბაზებსა და დერეფნებს გაუყვა. ამჯერად უფრო თავისუფლად დააბიჯებდა და სასახლის საოცრებებსა და ხელოვნების ნიმუშებს ათვალიერებდა. ბაღშიც გაისეირნა, სასახლის ირგვლივ შემოჯარული მთების სილამაზითაც დატკბა და ყვავილებისა და ქანდაკებების მშვენიერი განლაგებითაც მოიხიბლა. ბრძენთან მიბრუნებულმა, დაწვრილებით მოუთხრო, რაც ნახა.

«ის ორი წვეთი ზეთი სადღაა, მე რომ მოგაბარე?» – ჰკითხა ბრძენმა.

ყმაწვილმა მაშინღა შეამჩნია, რომ კოვზი ცარიელი იყო.

«აი, ეს არის ერთადერთი რჩევა, რომელიც უნდა მომეცა, – უთხრა ბრძენთა ბრძენმა, – ბედნიერების საიდუმლო ის არის, რომ ამქვეყნიური საოცრებებითა და დიდებულებით დატკბე, მაგრამ არც ის ორი წვეთი ზეთი დაგავიწყდეს, კოვზზე რომ გისხია»”.

რა არის ბედნიერება? –  თითოეულ თქვენგანს შეუძლია მოისმინოს უამრავი განსხვავებული პასუხი ამ კითხვაზე, გაცილებით მეტი – ინტერპრეტაცია. რასაკვირველია, ბედნიერების ზუსტი დეფინიციის პოვნა რთულია, რადგან არ არსებობს სამყაროში ბედნიერებაზე სუბიექტური ცნება. მიუხედავად ამისა, გამოირჩევა ადამიანების ორი დიდი კატეგორია: პირველი, რომლებიც ბედნიერებას დიდი რიცხვის(რომელიც სხვადასხვა ფერისა თუ გამოსახულების ქალაღდზეა დაბეჭდილი) პირდაპირპროპორციულად განიხილავენ და ეს რიცხვიანი ქაღალდები მათ ბედნიერების საიდუმლოს მთავარ გასაღებად მიაჩნიათ და მეორე კატეგორია, რომლებიც ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი. ხოლო, ბედნიერება თავისი არსით ძვირფასია, ფასეულია, მნიშვნელოვანია და რემარკიც სამართლიანად აღნიშნავდა, რომ “ყველაფერი, რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება, იაფია”. Feelings-and-Emotions-Money-Can-t-Buy-Happiness-2526

რა არის ბედნიერება?

ჩემი აზრით, იმისთვის რომ იყო ბედნიერი, პირველ რიგში, უნდა იპოვო შენი ადგილი სამყაროში, იმ სოციუმსა და გარემოში, სადაც არსებობ, რათა ცხოვრება შეძლო, ისეთი ცხოვრება, რომლის დროსაც არ შეგეშინდება დაბრკოლებების გადალახვის და ახალ, ცხოვრებისეული გამოწვევებს ღირსეულად მიიღებ. ბედნიერების ძიების პროცესი ხომ გაუკვალავ გზათა ერთი დიდი ლაბირინთია, საინდაც მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი გზა, ერთი ჭეშმარიტი გასასვლელი არსებობს!

და მაინც, რა არის ბედნიერება?

ბედნიერებაა მზის პირველი სხივი, რომელიც ნაწვიმარ მიწას ცრემლებს აშრობს…

ბედნიერებაა ქალი, რომელიც მუცლით ახალ სიცოცხლეს ატარებს…

ბედნიერებაა  აფრენდე ფრანს და აფრენდე ფრანზე მეტად…

ბედნიერებაა, რომ გიხარია, რომ (ის) ბედნიერია და უხარია, რომ (შენ) გიხარია და გიხარიათ…

ბედნიერებაა, რომ ხარ თავისუფალი…

ბედნიერებაა სიკეთე, თავისი ნებისმიერი გამოვლინებით…

ბედნიერებაა, უყურო ვარსკვლავებს ღამით, უშიშარ სინათლისმცველებს სიბნელეში…

ბედნიერებაა, გიყვარდეს ყველასა და ყველაფრის მიუხედავად…

ბედნიერება? – ნამდვილად წვრილმანებშია…

ხომ გითხარით, ამ შეკითხვაზე უამრავ პასუხს მოისმენთ-მეთქი…

აკაკის ღიმილი

e18390e18399e18390e18399e18398-e183ace18394e183a0e18394e18397e18394e1839ae18398-e183a5e183a3e18397e18390e18398e183a1e18398-e18391

      რა ვქნა, კაცია და გუნებაო, მოგეხსენება, თუ არ ვიხუმრე, არ ვიცინე, არ შემიძლია…

                                                                                                                         აკაკი

ამ რამდენიმე დღის წინ, წიგნების თვალიერების დროს, შემთხვევით წავაწყდი წიგნს – “აკაკის ღიმილი”, რომლის წაკითხვის დროს ბევრი ვიხალისე. ცნობილი ამბავია, რომ დიდ ქართველ მწერალს, მოაზროვნესა და საზოგადო მოღვაწეს აკაკი წერეთელს საოცარი ნიჭი ჰქონდა სხარტად და მოსწრებულად გამოეთქვა სიტყვა-პასუხი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქართული ეროვნული, უაღრესად კოლორიტული და თვითმყოფადი სატირა და იუმორი. როგორც იონა მეუნარგია აღნიშნავდა:”ლექსში კიდევ ჰყავს აკაკის ბადალი, მაგრამ მახვილსიტყვაობაში, იუმორში ან როგორც ის თარგმნის ამ სიტყვას, ხუმრობაში იმას სწორი არა ჰყოლია და არცა ჰყავს ქართულ მწერლობაში”. უნდა აღინიშნოს, რომ აკაკი ხუმრობის დროს თავის სათქმელს ყოველთვის შეულამაზებლად, ფერ-უმარილის გარეშე ამბობდა. ილია ზურაბიშვილის გადმოცემით: “მან მორიდება არ იცოდა ხუმრობაში. ამა თუ იმ სიტყვაზე კილოს გამობმა, მოსწრებული, მაგრამ ცოტა არ იყოს, იკლიკანტური ზმის თქმა მისი სტიქიონი იყო”.

აკაკი წერეთელს ეკუთვნის მრავალი ნაკვესი, ანეკდოტი, პატარ-პატარა იუმორესკა თუ ცხოვრებისეული სინამდვილიდან აღებული კომიკური წვრილ-წვრილი ამბავი, რომელთა ერთგვარ კრებულსაც წარმოადგენს სწორედ “აკაკის ღიმილი”. უნდა ვთქვა ისიც, რომ რამდენიმე მათგანი უკვე ვიცოდი, თუმცა დიდი ნაწილი ნაკვესებისა პირველად ამოვიკითხე. რა თქმა უნდა, წიგნის მთლიანად დატევა ერთ სტატიაში წარმოდგენელია(მიუხედავად ჩემი სურვილისა), ამიტომ ქვემოთ შემოგთავაზებთ აკაკის იმ იუმორისტულ მარგალიტებს, რომლებმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და თან ბევრიც  ვიცინე.

***

შემოდგომის ერთ დღეს, სეირნობის დროს, აკაკიმ წინ ჩაუარა მოლზე მსხდომ ქალ-ვაჟს. “სჩანს მთაში თოვლი მოსუალო”, – დასცინეს ახალგაზრდებმა პოეტის ჭაღარას და გადაიხარხარეს. მგოსანმა ყური მოჰკრა მათ ნათქვამს და სწრაფად უპასუხა:

– მართალსა ბრძანებთ! ეს უფრო იმით აიხსნება, რომ ვირები ძირს ჩამოსულან მწვანეზედ და გორაობენო.

***

ერთხელ , ზამთარში ილია და აკაკი გაყინულ ქუჩაზე მიდიოდნენ. უეცრად აკაკის ფეხი გაუსხლტდა და წაიქცა. ილიამ მიაძახა:

– არა, რადა ხართ იმერლები ეგეთი ფხიკიანები, ნელა ვერ გაივლითო?

სწორედ ამ დროს ილიასაც დაუცდა ფეხი და ისე მძიმედ დაეცა, რომ ადგომაც გაუძნელდა. მაშინ აკაკიმ ღიმილით მიუგო:

– მეტად დარბაისლები ხართ ამერები… თუ ერთხელ წაიქეცით, ადგომას აღარ ჰფიქრობთო!

***

ერთი თავადიშვილის დას მაკო ერქვა. ერთხელ, აკაკი რომ შეხვდა ამ თავადიშვილს, უთხრა:

– თქვენი ცოლი ვნახე და მაკოცაო.

***

1905 წლის ზაფხულის ერთ დღეს თბილისისკენ მომავალი აკაკი მიხაილოვის(ამჟამად ხაშურის) რკინიგზის სასადილო დარბაზში იჯდა და საუზმობდა. სწორედ ამ დროს ჩამოდგა მატარებელი და ცოტა ხნის შემდეგ ბუფეტში შებრძანდა დიდი მთავარი – მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი, რომელიც დასასვენებლად მიემგზავრებოდა თავის მამულში – ბორჯომში. კავკასიის ყოფილი მეფინცვალის დანახვაზე ყველანი წამოდგნენ, მხოლოდ აკაკი განაგრძობდა დამჯდარი დინჯად საუზმობას. “მისმა უდიდებულესობამ” ნამცხვარი მოითხოვა და ფეხზე დგომით შეუდგა ჭამას. უცებ, მან თვალი მოჰკრა ჭაღარამოსილ, ევროპულად ჩაცმულ მამაკაცს, რომელიც არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მას და დამჯდარი მშვიდად მიირთმევდა საუზმეს. გაკვირვებული დიდი მთავარი ნამცხვრის ჭამა-ჭამით მივიდა უცნობთან და აგდებული კილოთი ხმამაღლა ჰკითხა:

– Какая разница между человеком и животным?

– Животное стоия кушает а человек – сидя, вот какая разница! – მოურიდებლად უპასუხა აკაკიმ და კვლავ დინჯად განაგრძო საუზმობა.

“მისი უდიდებულესობისათვის” ასეთი პასუხი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მას ენა ჩაუვარდა და გაოგნებული სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას.

***

– გზაზე აკაკის “დიდი” დავით ორბელიანი შემოეყარა. აკაკიმ გერდი აუარა და ჩაილაპარაკა: “დათვი ორბელიანიო”. დავითმა ამას ყური მოჰკრა, აენთო, მოწმეები დანიშნა და მსაჯულთან უჩივლა. აკაკიმ პასუხად განაცხადა:

– მე ვთქვი, რომ დათვი ორ-ბელიანი უფრო ხშირად არის, ვიდრე სამ-ბელიანიო.

ასე გაიმართლა თავი აკაკიმ.

***

სასტუმროს რესტორანში ერთმა ადვოკატმა ძეხვი მოითხოვა. ბევრი ეწვალა და კანი ვერ გააცილა. გულმოსულმა ადვოკატმა იკითხა:

– არ გიკვირთ, რომ კანი არ ძვრება ამ ძეხვსაო?

– ეგ არ მიკვირსო, – მიუგო იქვე მყოფმა აკაკიმ, – ის კი ნამდვილად საკვირველია, რომ ადვოკატი ხარ და ტყავის გაძრობას ვერ ახერხებო.

***

აკაკი ერთ ოჯახში სადილად იყო. დიასახლისის პატარა ვაჟი გაჭირვეულდა და ვერმიშელი აღარ შეჭამა. დედა დაემუქრა. შვილი დაიმედებული იყოს, სტუმართან ამინც არას მეტყვიანო და ხელში კოვზს აწვალებდა. მერე მოუბრუნდა აკაკის და ჰკითხა: “ძიავ, ამ კოვზს რა აწერიაო?”

აკაკიმ კოვზი გამოართვა და ვითომ წაიკითხა:

“თუ არ ჭამე ვერმიშელი,

გაგლახავენ და ვერ გიშველიო”.

***

“დროების” რედაქციაში ერთხელ ამ გაზეთის თანამშრომლები შეყრილიყვნენ და რაღაცაზე ცხარედ კამათობდნენ. იქ იყო იონა მეუნარგიაც, რომელიც “ლელოს” ფსევდონიმით წერდა “დროებაში”.

ამ დროს რედაქციაში შევიდა აკაკი და შეუტია მეუნარგიას:

– სუ, ლელო!

***

19-ე საუკუნის 80-იან წლებში ქუთაისის ცენტრალური ბაღი, ანუ მაშინდელი “ბულვარი”, ქალაქის მოწინავე ინტელიგენციის თავშეყრის ადგილი იყო. ხალხი იკრიბებოდა იმ ადგილას, სადაც ახლა აკაკის ძეგლია აღმართული.

ერთ-ერთი ასეთ შეკრებაში მონაწილეობდნენ გიორგი და აკაკი წერეთლები.

გაიმართა კამათი იმის შესახებ, რომ საჭიროა თუ არა მართლწერაში იხმარებოდეს ასო – “ჰ”

გიორგი წერეთელი ამბობდა, რომ ამ ასოს ხმარება საჭირო აღარ არისო.

აკაკი სამართლიანად ცდილობდა დაერწმუნებინა გიორგი, რომ “ჰ” ზოგ სიტყვაში აუცილებლად საჭიროაო, მაგრამ მოპაექრეს აზრი ვერ შეაცვლევინა და ბოლოს გიორგი მისივე ორთოგრაფიით გაამტყუნა:

– კარგი, კარგი, ხომ გავიგე, რომ გიორგის ჭკუა ქონიაო.

***

სენაკის ქართული სკოლა რომ აკურთხეს, სკოლის დაარსების მოთავეებს დიდი წვეულება ჰქონდათ. სხვათა შორის, დრესასწაულზე დაესწრო აკაკიც, რომელმაც შემთხვევის შესაფერად, მშვენიერი სიტყვა წარმოთქვა.

სადილზე, სხვა ღვინოთა შორის, კახური ღვინოც მოიტანეს, დავით ჭავჭავაძის “ნაფარეულის” ზვრისა.

აკაკიმ ბოთლი მოატრიალა, ბოთლზე წარწერილს თითი გადაადო და თქვა:

– საკვირველი ხალხია ეს მეგრელები! ღვინოც ნაპარეული აქვთო!

“ნაფარეულის” მაგივრად ბოთლზე რუსულად “ნაპარეული” ეწერა.

***

კიტა აბაშიძემ აკაკის ერთხელ რაღაც უგვანო დაუწერა. მგოსანმა მყისვე გასცა პასუხი შემდეგი სტროფით:

“ერთი რამე სულიერი

ბუდესი ზის, არ წივის,

ის საბრალო კირკიტაი

კვერცხს ვერ დადებს არწივის…”

***

როცა აკაკი ქუთაისში ჩადიოდა, აუცილებლად შეივლიდა ხოლმე ნიკოლაძეების ოჯახში, ნიკო ნიკოლაძის დებთან – ანიკოსა და კატოსთან. ერთ დღეს ჩვეულებრივად მივიდა თურმე აკაკი. ჩაი რომ გააწყვეს, პოეტმა შაქარი ხელით ჩააგდო თავის ჭიქაში. ნიკოლაძის ქალმა ეს რომ დაინახა, აიღო და მთელი შაქარი გადაყარა ფანჯრიდან. აკაკიმ არაფერი არ თქვა, ჩაი რომ გაათავეს, ადგა და თავისი სკამი გადაისროლა ფანჯრიდან. ყველას გაუკვირდა. ამაზე აკაკიმ განაცხადა: – თუ ერთი შაქრის აღებით მთელი შაქარი წაიბილწა, მითუმეტეს ჩემ ნაჯდომ სკამზე აღარავინ დაჯდებაო.

***

19-ე საუკუნის ოთხმოციან წლებში ქართველ მწერალ-მოღვაწეთა კომისია “ვეფხისტყაოსანის” ტექსტის დადგენაზე მუშაობდა. ერთხელ, აკაკი იმ დროს მივიდა კომისიის სხდომაზე, როდესაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა და ამ სტრიქონებს არჩევდნენ:

“იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს,

დახოცეს და ამოწყვიტეს, ცათა ღმერთი შეარისხეს”.

კომისიის წევრთა კამათი იყო გამართული სიტყვა – “ცათას” შესახებ. ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ სიტყვა “ცათა” გადამწერთა დამახინჯებას წარმოადგენს, ვინაიდან ცა ერთია და რუსთაველსაც, ალბათ, ცასა ექნებოდაო. სხვათა შორის, ამ მოსაზრებას იცავდა დიდი ილიაც. სწორედ მაშინ, როცა კომისია უკვე აპირებდა ოქმში შეეტანა ეს ცვლილება, სიტყვა ითხოვა აკაკიმ და წამოიწყო ლოცვა: “მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა!..”

უკეთესი საბუთის მოძებნა აღარ შეიძლებოდა – “ვეფხისტყაოსნის” ტექსტში დარჩა სიტყვა “ცათა”.

***

1910 წლის ზაფხულში აკაკიმ ჟურნალ “თეატრი და ცხოვრების” რედაქტორ-გამომცემელს იოსებ იმედაშვილს გაუგზავნა აი, ეს პატარა ბარათი: “ძმაო, იოსებ! შენი გაზეთის ნომრები, სადაც ჩემი სცენები იყო, ახლა მივიღე და გმადლობ. სხვები კი არ მიგზავნიან, გარდა გოთუასი. “დროება” რომ არ მომდის, არ მიკვირს, მაგრამ მათრახი მაინც რად ენანებათ ჩემთვის? აღარ ვიცი”.