თუ ჰორიზონტზე გაცრეცილი დღის სილუეტი მოჩანს და მატარებლის სადგურზე მდგარი, ყიჟინიანი ლითონის “თხუნელას” მოლოდინში შეამჩნევთ, რომ თურმე ლიანდაგს მრავალფუნქციური დანიშნულება ჰქონია და ის მხოლოდ მატარებლის სავალ ნაწილს არ წარმოადგენს, არამედ ნაგავსაყრელის და სიგარეტის ე.წ “ბიჩოკების” სასაფლაოს სტატუსსაც აქტიურად ირგებს და თან საკმაოდ ოსტატურადაც, მაშინ “მოლოცვის” გარდა მე არაფერი დამრჩენია: კეთილი იყოს თქვენი საქართველოში მობრძანება, Welcome to Georgia!
ჩვენ, ქართველებს, გვიჭირს(უფრო მეტად კი გვეზარება) ისეთი სიტყავთშეხამების გათავისება და შესისხორცება, როგორიცაა – მოქალაქეობრივი თვითშეგნება. ყოველშემთხვევაში, ეს ჩვენი ფაქტობრივი რეალობაა. ალბათ რამდენიმე თქვენგანს სტატიის კითხვის დროს, დეჟავუმაც შეგახსენათ თავი, ეს ხომ უკვე სადღაც გინახავთ და თან, არაერთხელ. დიახ მეგობრებო, ჩვენი ქუჩები, სათამაშო მოედნები, მატარებლის, მეტროს, ავტობუსის გაჩერებები სავსეა მსგავსი სურათებით. პარკებში და სკვერებში მართალია არა იმ დოზით, როგორც ზემოჩამოთვლილ ლოკაციებში, მაგრამ მაინც წააწყდებით რიგითი “ბიჩოკის” უპატრონო საფლავს(ებს). ხშირ შემთხვევაში, ჩვენგან რამდენიმე ნაბიჯში დგას ნაგვის ურნა, ჩვენ კი ამ დროს ნაბიჯი “გვიმძიმს” და სიტუაციიდან ყველაზე პრიმიტიულ გამოსავალს ვნახულობთ, ხელის მარტივი მოძრაობით ახალ “დეტალს” ვძენთ ტროტუარს, მატარებლის ლიანდაგს და სხვა ჩვენთვის კარგად ნაცნობ თუ უცნობ ადგილებს.
ყოველი ახალი დღე, ახალი იმედებით როდი იწყება, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხლობს ძველი! მეც სწორედ ამ ძველი იმედების მოიმედე ვასრულებ სტატიას, რომელზეც დაუსრულებლად შეიძლება საუბარი და ბოლოს, გავკადნიერდები და ერთ სურვილნარევ მოწოდებას გავაჟღერებ: ნუ ვიქცევით სიგარეტის “ბიჩოკების” მესაფლავეებად!