უხერხული პაუზა

large-3

ჩემს ძაღლს ეზოში ძინავს, მე აივნიდან ვუყურებ, თუმცაღა რომელი უფრო დიდ სიზმარშია – ძნელი გასარჩევია.
ღამე – საღამოს კოჭებში ეტყობა,
ისევე როგორც შემოდგომა – ხეებს,
ისევე როგორც მოუთმენლობა – გულს.
ვერ ვიტყვი, რომ გრილა.
ვერ ვიტყვი, რომ თბილა.
უბრალოდ ქარია, ოღონდ მსუბუქი, სუსტი, მაგრამ მაინც შესამჩნევი. ის, თავისი ამ ხასიათით საოცრად ჰგავს ჩემს ნერვებს.
ეზოში გაბმული დენის მავთულები რაღაცნაირად დაღონებული მეჩვენებიან.
აუჰ, რა სისულელეა..!
არა და, ვინ იცის, იქნებ, მათ საერთოდაც მერცხლები მოისაკლისეს… იქნებ, მათაც სტკივათ, როცა ტოვებენ, მათაც ენატრებათ, ისინიც განიცდიან სიმარტოვეს…
არა, მაინც გრანდიოზული სისულელეა..! ისინი გაკიდულები არიან და წესით, უნდა ეკიდოთ მსგავსი რამე-რუმეები.


სახლიდან ტელეფონის ხმა ისმის, მიკვირს როგორ გამოვიდნენ ახლა ჩემთან კავშირზე. მე ხომ ჭეშმარიტად გამორთული ვარ, ან გასული ვარ მომსახურების რაღაც ზონიდან… ტელეფონი კი ჯიუტად რეკავს…
– ოხ, ეგ ძაღლიშვილი!
ისევ გამაცურა, გამიჩალიჩა…
– ჰოდა, რეკოს! რეკოს მანამ, სანამ ისიც სიზმრების უზარმაზარ ხახაში არ აღმოჩნდება, საიდანაც უხმო კომედიები იწყება, თან დღეს, სეზონის გახსნაა…


მე არ ვარ მძიმე…
მე არ ვარ წერტილი…
მე არ ვარ კითხვის ნიშანი…
მე ვარ პაუზა, საკმაოდ უხერხული პაუზა, რომელიც ფარდას ხდის, აშიშვლებს, დასცინის, ანუგეშებს და ხელთავიდან ნიღბავს – ერთდროულად.
მე ვარ ერთი დიდი ჩაკეტილი წრე, რომელიც იწყება იქიდან, საიდანაც მთავრდება და პირიქით…
მე ვარ ხიდი, რომელიც ან უნდა გადაირაო, ან უნდა გადახტე, თუმცა ჩემიდან გადახტომა ხიდიდან გადახტომას სულაც არ ჰგავს, ეს უკანასკნელი გაცილებით მარტივია.
ზოგჯერ, როცა მეუბნებიან, რომ ჩემი ესმით, არ მესმის, როგორ შეიძლება ჩემი ესმოდეთ… და თუ მართლა ესმით ჩემი, არ მესმის, როგორ არ შემრცხვეს ისე, რომ მათთვის იმ უხერხულ პაუზად არ ვიქცე,
რომელიც ფარდას ხდის,
აშიშვლებს,
დასცინის,
ანუგეშებს
და
ხელთავიდან ნიღბავს
– ერთდროულად…


ამასობაში ძაღლს გამოღვიძებია. ვცდილობ მისი სიზმარნარევი მზერა დავიჭირო, მაგრამ ის გამიზნულად თავს მარიდებ. ალბათ იმიტომაც, რომ იცის,
აქ, ყველზე დიდ სიზმარში მე ვარ,
აქ, ყველაზე შთამბეჭდავ სიზმრებს მე ვნახულობ.
მას კი ამის აღიარება არ სურს.
იქნებ იმიტომაც, რომ ვეცოდები,
ან ჩემი ასეთობის ეშინია,
ანდაც ორივე…



 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s