ერთი გზა, რომელიც წაგიყვანს ჩემგან შორს, შორეთში…
თვის ერთი რიცხვი, რომელშიც შენ წახვალ ჩემგან…
ერთი სიტყვა, რომლითაც დამშვიდობება მოგინდება, მაგრამ ერთი წამით ადრე მიხვდები, რომ ერთიც ზედმეტია…
ერთი ოცნება, რომელიც არასდროს ასრულდება…
ერთი სიგიჟე, რომელსაც არასდროს ჩავიდენთ…
ერთი ამბავი, რომელიც სრულდება. ჩვენ კი გვეგონა, რომ ეს ამბავი დროს გაცვითავდა და იბრუნდებდა დედამიწა ტანთშემოძარცვული ანარქისტი დროით…
დარჩა მხოლოდ ერთი მოგონება, დარჩი მხოლოდ შენ. მე ფერი ვიცვალე…
მაგრამ, მე ჯერ კიდევ ვხედავ ჩამავალი მზის სხივებში დამალულ ორ მოლეკულა იმედს…
სამ სიტყვას, რომლის თქმაც ყოველთვის გვინდოდა ერთმანეთისთვის…
ოთხ ასო-ბგერას, რომლითაც შენი სახელი წარმოითქმის…
ხუთ სისულელეს, რომელზეც ყოველთვის ვიცინოდით…
მეექვსე გრძნობას, რითაც უხილავი სიკეთის სამყაროს ჟრუანტელს გრძნობ..
შვიდფერ ცისარტყელას ცის კაბადონზე, წვიმისა და მზის საღებავებისგან დახატულს…
რვას, თავად ციფრს და გზის იმ მონაკვეთს, საიდანაც უსასრულობამდე 90 გრადუსია დარჩენილი…
ცხრას(მეცხრეს), როგორც ახალი სიცოცხლის დაბადების მოლოდინში გატარებულ თვეების რაოდენობას…
ათ მცნებას, როგორც რწმენის სიმტკიცეს…
თერთმეტს,როგორც ერთიანების დეჟავუს…
თორმეტ გვირილის ყვავილს, რომლებიც შენი თმებით სუნთქავენ…
და გვირილის ფურცლებით მოწყობილ ცამეტ მარათონს ვუყვარვარ/არ ვუყვარვარს შორის, სადაც ცამეტივე მარათონი სიყვარულმა მოიგო…
თოთხმეტი… მე ისევ გხედავ..