ორნი მოვდიოდით გზაზე. ჩვენ შორის უხერხული სიჩუმე ჩამოწოლილიყო, როგორც ნისლი ჩამოწვება ხოლმე მთათა კალთებზე და ასე – უხმოდ ცდილობს იყოს მრავლისმთქმელი ამაყი მთებისთვის. თუმცა, ის კი არ იცის, რომ მრავლისმნახველ მთებს ვერც შენი დუმილით გააკვირვებ და ვერც მჭერმეტყველებით. მხოლოდ გზა არ დუმდა, რომელიც ყოველ ნაბიჯს რაღაც უცნაურ ხმოვანებას სძენდა და თითქოს, ამ ხერხით ცდილობდა მგზავრთან კავშირის დამყარებას. შეიძლება ხმა პროტესტიც იყო, დროთა განმვალობაში ნაგროვები. მართლაც, ძნელია ყველა შენზე დადიოდეს და შენ ამ დროს ჩუმად იყო. მოკლედ, გზას ჩანაფიქრს რას მიუხვდება კაცი. ათასი აზრი უტრიალებს თავში და უამრავ ბედ-უკუღმართობას უმზადებს ზედ მავალთ.
გავჩერდით, უფრო სწორად – გაჩერდი. მზერა ცარიელ, უმოძრაო საქანელებზე გაგეყინა. გული გიკვდებოდა, რომ ოდესღაც საჭირო და პატივსაცემი რკინის კონსტრუქციები, ახლა სრულიად ზედმეტ, უსარგებლო დამატებად ქცეულიყვნენ სამყაროში, რომელთაც მხოლოდ ჟანგის თხელი ფენა უმაგრებდა ზურგს და ალბათ, გულსაც.
იქვე ტროტუარზე ჩამოჯექი, დაღონებული. ნახევარი წუთიც ვერ გაუძელი და ატირდი. მხოლოდ ერთხელ შემომხედე და დანანებით მკითხე: “ხომ შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო”? სწორედ ამ თვისების გამო შემიყვარდი. გრძნობდი იმას, რაზეც მე ფიქრსაც ძლივს ვბედავდი და იმ მომენტში, მეც მომინდა ტროტუარზე შენს გვერდით ჩამოვმჯდარიყავი და მოგხვეოდი, მაგრამ მოკარებაც ვერ გავბედე, ადგილზე გავშეშდი. ვხვდებოდი, რომ შენ სხვანაირი იყავი, განსაკუთრებული, ყველაზე კარგი…
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა ვერ ვივიწყებ შენს აცრემლებულ თვალებს. იმ დღემდე ვერ წარმომედგინა, რომ ადამიანი შეიძლება ასე დადარდიანებულიყო მიტოვებული საქანელების გამო. მე ყოველდღე ვუმეორებ ჩემს თავს იგივე შეკითხვას, მართლაც, ხომ შეიძლება ყველაფარი სხვანაირად ყოფილიყო..?
მაშინაც და ახლა, ერთ რამე მინდოდა და მინდა გულით, რომ დედამიწაზე რაც შეიძლება ბევრი შენნაირი დააბიჯებდეს, რადგან გადათელილი, გამოფიტული პლანეტისთვის შენ ხარ შვება და მისი ტკივილის ჭეშმარიტი გამზიარებელი. თუმცა იმასაც ვხვდები, რომ შენთვის სასჯელია დედამიწა, შეკვეცილი ფრთებია, მრგვალი საკანია და აქ ბინადრობას დიდხანს ვეღარ გაუძლებ…