შკალებზე დატანილი ტკივილი


posta2


“როცა სასწრაფო დახმარების განყოფილებაში შედიხარ, გთხოვენ, ერთიდან ათამდე შკალით საკუთარი ტკივილი შეაფასო. ამის მეშვეობით წყვეტენ, რა წამლები მოგცენ და რა სიჩქარით. წლების განმავლობაში ასჯერ მაინც დაუსვამთ ეს  შეკითხვა; მახსოვს ერთხელ, როცა ვეღარ ვსუნთქავდი და მეგონა, მკერდზე  ცეცხლი მეკიდა, ნეკნებს შორის კი ცეცხლის ალები გზას იკვალავდნენ ჩემი სხეულის გადასაბუგად, მშობლებმა სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მიმიყვანეს. ექთანმა ტკივილის შეფასება მთხოვა. ლაპარაკიც კი არ შემეძლო და ცხრა თითი ვაჩვენე. მოგვიანებით, როცა ტკივილგამაყუჩებელი მომცეს, ის ექთანი შემოვიდა, სისხლი უნდა აეღო, და სანამ ამისთვის მამზადებდა, მიმთხრა: იცი, როგორ მივხვდი, მებრძოლი რომ ხარ? – ათზე თქვი, ცხრა არისო.

არა, ეს არ იყო სრული სიმართლე. ცხრა დავასახელე, რადგან ათს სხვა დღისთვის ვინახავდი. და ახლა ის უზარმაზარი და საზარელი ათიანი მირტყამდა და მირტყამდა, მირტყამდა გამეტებით, მერე კი გაუნძრევლად ვიწექი საკუთარ საწოლში და ჭერს მივშტერებოდი. ტალღები კლდეს მახეთქებდნენ, მერე ისევ ზღვისკენ მიმათრევდნენ, რომ კიდევ ერთხელ კლდის წვეტიანი შვერილებისთვის მივენარცხებინე, ბოლოს კი მაინც წყალზე მოტივტივეს მტოვებდნენ, დაუხრჩობელს…” ეს არის ნაწყვეტი ჯონ გრინის რომანიდან “ბედის ვარსკვლავის ბრალია”. სწორედ ამ სიტყვებით გადმოცემს ჰეიზელი იმ ტკივილს, რასაც ავგუსტუსის გარდაცვალების დროს განიცდის.

საინტერესოა, ჩვენი ტკივილის შეფასების შკალოვან-თითოვანი სისტემა, ვის ან რას ვუნახავთ ამ ოხერ ათიანს და ჰეზელივით ჩვენც შეგვიძლია ათზე ვთქვათ, ცხრა არისო? აბა, რა გითხრათ… მგონია, რომ ადამიანი არასდროს არ არის მზად უბედურებისთვის და გამონათქვამი: “მე ყველაფრისთვის მზად ვარ!”, საჭირო მომენტში უბრალოდ ძალადაკარგულ სიტყვებადღა რჩებიან და მეტი არაფერი…

მომაკვდავი ადამიანისთვის ის კი არ არის ყველაზე მძიმე ასატანი, რომ ორგანიზმს ტკივილები სჭამს ცოცხლად და იცის – წვიმიანი მეტასტაზების “დამსახურებით” ამქვეყნად ბევრი მზიანი დღე აღარ დარჩენია, არამედ ის ჩუმი, მაგრამ ამავდროულად ყურისწამღები ჩურჩულების სცენა – ოთახის გამოტოვებთ, საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნაცნობების მონაწილეობით. უფრო აუტანელი კი ამ ჩურჩულების შინაარსია, საიდანაც იგებ, თუ რა ძლიერი ორგანიზმი გქონია, რომ ექიმები იმედსაც აღარ იძლევიან, რომ ბრძოლას ფაქტობრივად, აღარ აქვს აქვს აზრი, რადგან ომი წაგებულია და ამ ყველაფერს შენივე “კეთილდღეობისთვის” ურცხვად გიმალავენ… და კიდევ ბევრი ასეთი დიალოგები, მსგავსი შინაარსითა და ათასგვარი ინტერპრეტაციით…

ერთიცაა, სანამ არ გამოცდი, მანამ ვერ იგრძნობ განსხვავებას ცხრასა და ათს შორის. მანამდე ვერც იმას მიხვდები თუ რა სიცარიელის მატარებელი შეიძლება გახდეს ერთი ჩვეულებრივი, პატარა ოთახი შენსა და დანარჩენ სამყაროს შორის, ხოლო სიცარიელეში ვინმეს პოვნა ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც კაკუნი სიცარიელის ოთახის კარზე იმის იმედად, რომ ვინმე კარს გაგიღებს და შინ შეგიპატიჟებს.

მოკლედ, რაც არ უნდა რთული წარმოსადგენი იყოს შკალებზე დატანილი ტკივილი, ის მაინც არსებობს(ჩვენივე შედგენილი, რასაკვერველია…). და მაინც, ჩვენი ტკივილის ამსახველ შკალოვან-თითოვან “სისტემაში” ათსა და ცხრას შორის ერთი მთავარი განსხვავებაა, დიახ-! -ერთიანი, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ იმედის უკანასკნელი 5 გრამიანი ამპულა, რომელიც შეგრძნებადაკარგულ ვენაში გასაშვებადაა გამზადებული, რადგან არ არსებობს იმედზე უფრო მძლავრი ინსტრუმენტი ცხოვრების სიძნელეების წინააღმდეგ საბრძოლველად.


22


არის მომენტები, როცა შენთვის სიკვდილი შვებაა და ვერ კვდები, როცა გაქცევა ერთადერთი გამოსავალია და ფეხები არ გემორჩილება, როცა შენც გინდა მათსავით ჩურჩულებდე და საკუთარმა ხმამ სამუდამოდ მიგატოვა…

– გაინტერესებთ, როდის მთავრდება ყველაფერი?

– როცა ამპულების ყუთი ცარიელდება…



კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s