მოწამლული მზესუმზირები

MA23_PIGEON_GOF_MA_1339011f


თავჩაქინდრული ლამპიონივით ვდგავარ ქუჩაში.                                                       მოწამლულ მზესუმზირას ვუყრი მანქანების გამონაბოლქვში ამოგვარგნილ მტრედებს. თვალით ვზომავ კვადრატულ მეტრებში – მზით გახუნებულ-გახურებულ ტროტუარს და უაზროდ ვანგარიშობ.                                                        

ვუმატებ და ვაკლებ,                                                                                                           ვუმატებ და ვაკლებ,                                                                                                           ვუმატებ და ვაკლებ…

ვამჩნევ, როგორ გაყინავენ ხოლმე გამვლელ- გამომვლელნი თავიანთ ზიზღისფერ მზერას ჩემს სახეზე და აქლემივით იფურთხებიან, სხვათაშორის – ისინიც მზესუმზირებს, ოღონდ არა მოწამლულს, არამედ მცენარეულ ზეთში მოხალულს.     დღეს ხომ ოთხშაბათია, მარხვაა.ვიღაცისგან გაუგონიათ თუ ნამარხულევ დღეთა რაოდენობა ათასს გადაგიცდება, ჩათვალე სამოთხის ვიზა ხელში გიჭირავსო.           რას არ გაიგებს კაცი.

თანდათან ჩემს ირგვლივ შემოკრებილი მტრედების რაოდენობა იმატებს. მე მათ რკალში მოვექეცი, ისინი კი ჩემი ზეგავლენის ქვეშ. ხალხიც ასეა, ისინი დამოკიდებულებებისა და ზეგავლენის მსხვერპლნი ხდებიან, ხოლო ავტორიტეტები მათ მტარვალებად გვევლინებიან. ამიტომაც არ უნდა გააღმერთო არავინ, გამეფებით მითუმეტეს, რადგან მეფეები დროებითი ხალხია და ცდილობენ საუკუნეების გასაკეთებელი თავიანთი ზეობის ხანაში გააკეთონ. ასეთი რამ კი შეუძლებელია, მაგრამ არა წარმოუდგენელი(გონების თვალით), ამიტომაც არიან მეფეები ყოველთვის დიადი ფანტაზიის მქონენი.

ცხელი ჰაერი სახრჩობელაზე დაკიდებული თოკივით უჭერს მთელს ორგანიზმს. გამვლელ-გამომვლელთა ნაკადი კი არ წყდება. დროდადრო მეც ვაპარებ თვალს(ჩემიც ზიზღისფერია) მათკენ. საინტერესოა, როგორ ჰგვანან და ამავდროულად როგორ განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან.

ქუჩის კუთხეში ვიღაც ძაღლს “მოასეირნებს”, უფრო სწორად ძაღლი “მოასეირნებს” პატრონს. ძაღლს ყელზე მობმული თოკი და სიცხე პირდაპირი მნიშვნელობით აწუხებს, ამიტომ პატრონს ჯიუტად ექაჩება ტროტუარის კიდისკენ, რათა ხეების ჩრდილქვეშ მოექცეს და ოდნავი შვება იგრძნოს. ზიზღისფერთვალებიანი პატრონი კი ყურსასმენებში მოღრიალე ხმას ერთი-ორად მაღლა უწევს და კმაყოფილი სახით აგრძელებს ძაღლთან ერთად “სეირნობას”.

მოკლედ, დიდი დაბნელების ზღვარზე ვდგავართ, ოღონდ ამ პროცესში მზის, მთვარის და სხვა ციური სხეულების ბრალეულობა ახლავე შეგვიძლია გამოვრიცხოთ. მოგეხსენებათ, რომ სიბნელიდან თავის დაღწევის ბევრი გზა არ არსებობს, არსებულებს შორის კი ყველაზე პრაქტიკული – გზის ხელების ფათურით გაკვლევაა. ეს ხომ ისედაც კარგად გამოგვდის. საკმარისია მხოლოდ წარმოვიდგინოთ სიბნელე – დიდტრაკიან კახპად და ვუფათუროთ ხელები, მანამ სანამ გვირაბის ბოლოს სინათლე არ გამოჩნდება…

ამასობაში ჩემმა მტრედებმაც საბოლოოდ აკენკეს მოწამლული მსესუმზირები და ერთი მეორის მიყოლებით დაიწყეს ბარბაცი.

არ მოვუტყუვებივარ მოწამლული მზესუმზირის გამყიდველს, ეფექტი მართლაც “შესაშური” ჰქონია.

ისევ ვანგარიშობ, ოღონდ უკვე არა – უაზროდ. ვითვლი დახოცილი მტრედების რაოდენობას…

-1                                                                                                                                             -2                                                                                                                                               -3…



კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s