აკაკის ღიმილი

e18390e18399e18390e18399e18398-e183ace18394e183a0e18394e18397e18394e1839ae18398-e183a5e183a3e18397e18390e18398e183a1e18398-e18391

      რა ვქნა, კაცია და გუნებაო, მოგეხსენება, თუ არ ვიხუმრე, არ ვიცინე, არ შემიძლია…

                                                                                                                         აკაკი

ამ რამდენიმე დღის წინ, წიგნების თვალიერების დროს, შემთხვევით წავაწყდი წიგნს – “აკაკის ღიმილი”, რომლის წაკითხვის დროს ბევრი ვიხალისე. ცნობილი ამბავია, რომ დიდ ქართველ მწერალს, მოაზროვნესა და საზოგადო მოღვაწეს აკაკი წერეთელს საოცარი ნიჭი ჰქონდა სხარტად და მოსწრებულად გამოეთქვა სიტყვა-პასუხი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქართული ეროვნული, უაღრესად კოლორიტული და თვითმყოფადი სატირა და იუმორი. როგორც იონა მეუნარგია აღნიშნავდა:”ლექსში კიდევ ჰყავს აკაკის ბადალი, მაგრამ მახვილსიტყვაობაში, იუმორში ან როგორც ის თარგმნის ამ სიტყვას, ხუმრობაში იმას სწორი არა ჰყოლია და არცა ჰყავს ქართულ მწერლობაში”. უნდა აღინიშნოს, რომ აკაკი ხუმრობის დროს თავის სათქმელს ყოველთვის შეულამაზებლად, ფერ-უმარილის გარეშე ამბობდა. ილია ზურაბიშვილის გადმოცემით: “მან მორიდება არ იცოდა ხუმრობაში. ამა თუ იმ სიტყვაზე კილოს გამობმა, მოსწრებული, მაგრამ ცოტა არ იყოს, იკლიკანტური ზმის თქმა მისი სტიქიონი იყო”.

აკაკი წერეთელს ეკუთვნის მრავალი ნაკვესი, ანეკდოტი, პატარ-პატარა იუმორესკა თუ ცხოვრებისეული სინამდვილიდან აღებული კომიკური წვრილ-წვრილი ამბავი, რომელთა ერთგვარ კრებულსაც წარმოადგენს სწორედ “აკაკის ღიმილი”. უნდა ვთქვა ისიც, რომ რამდენიმე მათგანი უკვე ვიცოდი, თუმცა დიდი ნაწილი ნაკვესებისა პირველად ამოვიკითხე. რა თქმა უნდა, წიგნის მთლიანად დატევა ერთ სტატიაში წარმოდგენელია(მიუხედავად ჩემი სურვილისა), ამიტომ ქვემოთ შემოგთავაზებთ აკაკის იმ იუმორისტულ მარგალიტებს, რომლებმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და თან ბევრიც  ვიცინე.

***

შემოდგომის ერთ დღეს, სეირნობის დროს, აკაკიმ წინ ჩაუარა მოლზე მსხდომ ქალ-ვაჟს. “სჩანს მთაში თოვლი მოსუალო”, – დასცინეს ახალგაზრდებმა პოეტის ჭაღარას და გადაიხარხარეს. მგოსანმა ყური მოჰკრა მათ ნათქვამს და სწრაფად უპასუხა:

– მართალსა ბრძანებთ! ეს უფრო იმით აიხსნება, რომ ვირები ძირს ჩამოსულან მწვანეზედ და გორაობენო.

***

ერთხელ , ზამთარში ილია და აკაკი გაყინულ ქუჩაზე მიდიოდნენ. უეცრად აკაკის ფეხი გაუსხლტდა და წაიქცა. ილიამ მიაძახა:

– არა, რადა ხართ იმერლები ეგეთი ფხიკიანები, ნელა ვერ გაივლითო?

სწორედ ამ დროს ილიასაც დაუცდა ფეხი და ისე მძიმედ დაეცა, რომ ადგომაც გაუძნელდა. მაშინ აკაკიმ ღიმილით მიუგო:

– მეტად დარბაისლები ხართ ამერები… თუ ერთხელ წაიქეცით, ადგომას აღარ ჰფიქრობთო!

***

ერთი თავადიშვილის დას მაკო ერქვა. ერთხელ, აკაკი რომ შეხვდა ამ თავადიშვილს, უთხრა:

– თქვენი ცოლი ვნახე და მაკოცაო.

***

1905 წლის ზაფხულის ერთ დღეს თბილისისკენ მომავალი აკაკი მიხაილოვის(ამჟამად ხაშურის) რკინიგზის სასადილო დარბაზში იჯდა და საუზმობდა. სწორედ ამ დროს ჩამოდგა მატარებელი და ცოტა ხნის შემდეგ ბუფეტში შებრძანდა დიდი მთავარი – მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი, რომელიც დასასვენებლად მიემგზავრებოდა თავის მამულში – ბორჯომში. კავკასიის ყოფილი მეფინცვალის დანახვაზე ყველანი წამოდგნენ, მხოლოდ აკაკი განაგრძობდა დამჯდარი დინჯად საუზმობას. “მისმა უდიდებულესობამ” ნამცხვარი მოითხოვა და ფეხზე დგომით შეუდგა ჭამას. უცებ, მან თვალი მოჰკრა ჭაღარამოსილ, ევროპულად ჩაცმულ მამაკაცს, რომელიც არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მას და დამჯდარი მშვიდად მიირთმევდა საუზმეს. გაკვირვებული დიდი მთავარი ნამცხვრის ჭამა-ჭამით მივიდა უცნობთან და აგდებული კილოთი ხმამაღლა ჰკითხა:

– Какая разница между человеком и животным?

– Животное стоия кушает а человек – сидя, вот какая разница! – მოურიდებლად უპასუხა აკაკიმ და კვლავ დინჯად განაგრძო საუზმობა.

“მისი უდიდებულესობისათვის” ასეთი პასუხი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მას ენა ჩაუვარდა და გაოგნებული სასწრაფოდ გაშორდა იქაურობას.

***

– გზაზე აკაკის “დიდი” დავით ორბელიანი შემოეყარა. აკაკიმ გერდი აუარა და ჩაილაპარაკა: “დათვი ორბელიანიო”. დავითმა ამას ყური მოჰკრა, აენთო, მოწმეები დანიშნა და მსაჯულთან უჩივლა. აკაკიმ პასუხად განაცხადა:

– მე ვთქვი, რომ დათვი ორ-ბელიანი უფრო ხშირად არის, ვიდრე სამ-ბელიანიო.

ასე გაიმართლა თავი აკაკიმ.

***

სასტუმროს რესტორანში ერთმა ადვოკატმა ძეხვი მოითხოვა. ბევრი ეწვალა და კანი ვერ გააცილა. გულმოსულმა ადვოკატმა იკითხა:

– არ გიკვირთ, რომ კანი არ ძვრება ამ ძეხვსაო?

– ეგ არ მიკვირსო, – მიუგო იქვე მყოფმა აკაკიმ, – ის კი ნამდვილად საკვირველია, რომ ადვოკატი ხარ და ტყავის გაძრობას ვერ ახერხებო.

***

აკაკი ერთ ოჯახში სადილად იყო. დიასახლისის პატარა ვაჟი გაჭირვეულდა და ვერმიშელი აღარ შეჭამა. დედა დაემუქრა. შვილი დაიმედებული იყოს, სტუმართან ამინც არას მეტყვიანო და ხელში კოვზს აწვალებდა. მერე მოუბრუნდა აკაკის და ჰკითხა: “ძიავ, ამ კოვზს რა აწერიაო?”

აკაკიმ კოვზი გამოართვა და ვითომ წაიკითხა:

“თუ არ ჭამე ვერმიშელი,

გაგლახავენ და ვერ გიშველიო”.

***

“დროების” რედაქციაში ერთხელ ამ გაზეთის თანამშრომლები შეყრილიყვნენ და რაღაცაზე ცხარედ კამათობდნენ. იქ იყო იონა მეუნარგიაც, რომელიც “ლელოს” ფსევდონიმით წერდა “დროებაში”.

ამ დროს რედაქციაში შევიდა აკაკი და შეუტია მეუნარგიას:

– სუ, ლელო!

***

19-ე საუკუნის 80-იან წლებში ქუთაისის ცენტრალური ბაღი, ანუ მაშინდელი “ბულვარი”, ქალაქის მოწინავე ინტელიგენციის თავშეყრის ადგილი იყო. ხალხი იკრიბებოდა იმ ადგილას, სადაც ახლა აკაკის ძეგლია აღმართული.

ერთ-ერთი ასეთ შეკრებაში მონაწილეობდნენ გიორგი და აკაკი წერეთლები.

გაიმართა კამათი იმის შესახებ, რომ საჭიროა თუ არა მართლწერაში იხმარებოდეს ასო – “ჰ”

გიორგი წერეთელი ამბობდა, რომ ამ ასოს ხმარება საჭირო აღარ არისო.

აკაკი სამართლიანად ცდილობდა დაერწმუნებინა გიორგი, რომ “ჰ” ზოგ სიტყვაში აუცილებლად საჭიროაო, მაგრამ მოპაექრეს აზრი ვერ შეაცვლევინა და ბოლოს გიორგი მისივე ორთოგრაფიით გაამტყუნა:

– კარგი, კარგი, ხომ გავიგე, რომ გიორგის ჭკუა ქონიაო.

***

სენაკის ქართული სკოლა რომ აკურთხეს, სკოლის დაარსების მოთავეებს დიდი წვეულება ჰქონდათ. სხვათა შორის, დრესასწაულზე დაესწრო აკაკიც, რომელმაც შემთხვევის შესაფერად, მშვენიერი სიტყვა წარმოთქვა.

სადილზე, სხვა ღვინოთა შორის, კახური ღვინოც მოიტანეს, დავით ჭავჭავაძის “ნაფარეულის” ზვრისა.

აკაკიმ ბოთლი მოატრიალა, ბოთლზე წარწერილს თითი გადაადო და თქვა:

– საკვირველი ხალხია ეს მეგრელები! ღვინოც ნაპარეული აქვთო!

“ნაფარეულის” მაგივრად ბოთლზე რუსულად “ნაპარეული” ეწერა.

***

კიტა აბაშიძემ აკაკის ერთხელ რაღაც უგვანო დაუწერა. მგოსანმა მყისვე გასცა პასუხი შემდეგი სტროფით:

“ერთი რამე სულიერი

ბუდესი ზის, არ წივის,

ის საბრალო კირკიტაი

კვერცხს ვერ დადებს არწივის…”

***

როცა აკაკი ქუთაისში ჩადიოდა, აუცილებლად შეივლიდა ხოლმე ნიკოლაძეების ოჯახში, ნიკო ნიკოლაძის დებთან – ანიკოსა და კატოსთან. ერთ დღეს ჩვეულებრივად მივიდა თურმე აკაკი. ჩაი რომ გააწყვეს, პოეტმა შაქარი ხელით ჩააგდო თავის ჭიქაში. ნიკოლაძის ქალმა ეს რომ დაინახა, აიღო და მთელი შაქარი გადაყარა ფანჯრიდან. აკაკიმ არაფერი არ თქვა, ჩაი რომ გაათავეს, ადგა და თავისი სკამი გადაისროლა ფანჯრიდან. ყველას გაუკვირდა. ამაზე აკაკიმ განაცხადა: – თუ ერთი შაქრის აღებით მთელი შაქარი წაიბილწა, მითუმეტეს ჩემ ნაჯდომ სკამზე აღარავინ დაჯდებაო.

***

19-ე საუკუნის ოთხმოციან წლებში ქართველ მწერალ-მოღვაწეთა კომისია “ვეფხისტყაოსანის” ტექსტის დადგენაზე მუშაობდა. ერთხელ, აკაკი იმ დროს მივიდა კომისიის სხდომაზე, როდესაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა და ამ სტრიქონებს არჩევდნენ:

“იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს,

დახოცეს და ამოწყვიტეს, ცათა ღმერთი შეარისხეს”.

კომისიის წევრთა კამათი იყო გამართული სიტყვა – “ცათას” შესახებ. ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ სიტყვა “ცათა” გადამწერთა დამახინჯებას წარმოადგენს, ვინაიდან ცა ერთია და რუსთაველსაც, ალბათ, ცასა ექნებოდაო. სხვათა შორის, ამ მოსაზრებას იცავდა დიდი ილიაც. სწორედ მაშინ, როცა კომისია უკვე აპირებდა ოქმში შეეტანა ეს ცვლილება, სიტყვა ითხოვა აკაკიმ და წამოიწყო ლოცვა: “მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა!..”

უკეთესი საბუთის მოძებნა აღარ შეიძლებოდა – “ვეფხისტყაოსნის” ტექსტში დარჩა სიტყვა “ცათა”.

***

1910 წლის ზაფხულში აკაკიმ ჟურნალ “თეატრი და ცხოვრების” რედაქტორ-გამომცემელს იოსებ იმედაშვილს გაუგზავნა აი, ეს პატარა ბარათი: “ძმაო, იოსებ! შენი გაზეთის ნომრები, სადაც ჩემი სცენები იყო, ახლა მივიღე და გმადლობ. სხვები კი არ მიგზავნიან, გარდა გოთუასი. “დროება” რომ არ მომდის, არ მიკვირს, მაგრამ მათრახი მაინც რად ენანებათ ჩემთვის? აღარ ვიცი”.



კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s